03.ივლისი .2020 20:20

ველოდებით, რომ იპოთეკის სუბსიდირებით 450 მლნ ლარამდე სესხები გაიცემა - მერი ჩაჩანიძე

views 505
უკან

“თიბისი კაპიტალის” მმართველი დირექტორის, მერი ჩაჩანიძის განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში “თიბისი ბანკმა” პირველი სესხი უკვე დაამტკიცა.

“თიბისი კაპიტალის” მიერ ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ მომზადებული მიმოხილვის თანახმად, ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე შედარებითი გაუმჯობესება შეიმჩნევა. მათ შორის ივნისის ბოლო კვირაში დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობამ პირველად გაასწრო COVID-მდელი პერიოდის (იანვარ-თებერვლის) მაჩვენებლებს, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ შემცირება ფიქსირდება.

გადაცემა “საქმიან დილაში” თიბისი კაპიტალის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მოლოდინების შესახებაც რაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება - მერი ჩაჩანიძე ამბობს, რომ მათი პროგნოზის თანახმად, ამ პროგრამით ჯამურად 450 მლნ ლარამდე სესხები გაიცემა.

"ამ პროგრამით პირველი დამტკიცებული სესხი უკვე გვაქვს, რაც გუშინ დაამტკიცეს ჩვენთან რითეილში. ტექნიკური დეტალებია და სესხების გაცემა შემდეგ კვირაში დაიწყება. ორ კვირაში როდესაც მოვალთ და ამ შედეგებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, გამოჩნდება შედეგები. მანამდე შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა რა მონაცემები გვაქვს.

თავად იპოთეკურ განაცხადებში შემცირება წლიდან წლამდე არის მინუს 8%, რაც ვფიქრობთ რომ არის ძალიან კარგი შედეგი და ის ნაწილობრივ ასახავს იმ მოლოდინს, რომელიც შეიძლება რომ გვქონდეს. რეესტრის მონაცემებს რაც შეეხება, აქაც გაუმჯობესება გვაქვს. 26%-იანი შემცირებაა წინა კვირაში, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია, რადგან ორი კვირის წინ 41%-იანი შემცირება იყო წლიურ ჭრილში.

ამიტომ რეგისტრირებული ბინების რაოდენობაშიც გამოცოცხლება გვაქვს. დაველოდოთ ამ იპოთეკის პროგრამას. როგორც ჩვენს ანგარიში იყო მოცემული დაახლოებით 450 მილიონი ლარის იპოთეკის გაცემას ვვარაუდობთ ამ პროგრამის ფარგლებში, რამაც გაყიდვები დაახლოებით 10%-ის ფარგლებში უნდა წაახალისოს ჩვენი დაშვებებით,”- განაცხადა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა “საქმიან დილაში”.

"თიბისი კაპიტალის" კვლევის შედეგები:

“ივნისის ბოლოსთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის შემდეგ პირველად გადაუსწრო იანვარ-თებერვლის პერიოდის საშუალოს. ზრდამ ბოლო კვირაში +11% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლილება -65%-ს გაუტოლდა, რაც 2019 წლის ივნისის ბოლოს ძლიერი საბაზისო ეფექტით აიხსნება.

25 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან (-41% წ/წ) შედარებით გაუმჯობესდა და წ/წ -26% შეადგინა. იანვარ-თებერვლის  პერიოდის საშუალოსთან შედარებით კლება -10%-ს შეადგენს,”- ნათქვამია მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, იპოთეკის სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ ლარის სესხებს ეხება. მის ფარგლებში სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში 4%-ის ოდენობით სესხის თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. სუბსიდირების შესახებ მთავრობის დადგენილება გასულ კვირაში გამოქვეყნდა, თუმცა მის ფარგლებში სესხების აქტიურად გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა