მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის აღდგენისთვის 62 მლნ ევრო გამოიყოფა

5dd40f5110ba6
მიხეილ ხაჩიძე
20.11.19 00:02
955
წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ვენეციისთვის იტალიის ხელისუფლება  65 მილიონ ევროს გამოჰყოფს. როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამინისტროს მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხარჯები სტიქიით დაზიანებული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას მოხმარდება.


"ვენეციის ლაგუნის შესანარჩუნებლად და დასაცავად 65 მილიონი ევრო გამოიყოფა.  აქედან, 46 მილიონი ევრო დაიხარჯება თავად ქალაქის აღდგენაზე”, - აღნიშნულია დოკუმენტში.


შეგახსენებთ, რომ სტიქია იტალიის ტურისტულ ქალაქს 13 ნოემბერს დაატყდა თავს. წყლის დონე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში რეკორდულ - 187 სანტიმეტრამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1966 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ. წყალმა ვენეციის თითქმის 80% დატბორა.


სტიქიის შედეგად დაზარალდა ვენეციის ტურიზმიც. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში წყალდიდობის გამო, დაჯავშნილი სასტუმროების უმეტესობა გაუქმებულია. როგორც ადგილობირივი მედია იუწყება, უცხოელი დამსვენებლების 35%-ზე მეტმა ქალაქში ჩასვლა ამ ეტაპისთვის გადაიფიქრა.


ამასთან, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქში რამდენიმედღიანი ძლიერი სტიქიის შედეგად დატბორილია უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობა. მათ შორის მსოფლიოში ცნობილი წმინდა მარკოზის ბაზილიკა. წყალმა შეაღწია ’’ლა ფენიჩეს’’ თეატრშიც. ასევე, სტიქიამ რამდენიმე წყლის ავტობუსი დააზიანა. წყალმა დატბორა საოჯახო სასტუმროების უმეტესობა და რესტორნებიც.