მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერ ვიტყვი, რომ სამშენებლო სექტორი აღფრთოვანებული იქნება“ - პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს

63e5069438cfa
ელენე გოგბერაშვილი
09.02.23 19:00
1399
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „ინერტული ნარჩენების“ მართვის შესახებ კანონპროექტს ამზადებს. ახალი რეგულაციის მიზანია, ინერტული ნარჩენი, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება, ეკონომიკაში ჩაბრუნდეს. ამ პროცესში კანონმდებლები ბიზნესის შემოყვანას განიხილავენ, მათ შორის აღსრულების ნაწილშიც. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „რედაქტ2-ში“ განაცხადა, დღეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები გამკაცრდა, ინერტული ნარჩენები მაინც არ ხვდება სპეციალურ ნაგავსაყრელებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2015 წელს ევროდირექტივის შესაბამისად მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, იქ არ გვაქვს შესაბამისი რეგულაციები ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. რა არის ინერტული ნარჩენი? ეს არის მიწა, რომელიც მშენებლობისთვის იქნება ამოღებული, ეს არის დემონტაჟის დროს მიღებული ნარჩენი და მშენებლობისა და რემონტის დროს წარმოშობილი ნარჩენი, რომელიც თავისი შინაარსით გადამუშავებას ექვემდებარება ან მიწის რეკულტივაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.

რა ხდება რეალობაში ჩვენთან? თუ ინერტული ნარჩენი არ მოხვდება ინერტული ნარჩენის ნაგავსაყრელზე ორი წლის წინ სანქცია გავზარდეთ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გვაქვს შემთხვევები, როდესაც ან ნაგავსაყრელზე ხვდება, სადაც მისი ადგილი არ არის, ან უარეს შემთხვევაში ხდება ხევებში განთავსება, გადაყრა. მძიმე მაგალითები გვაქვს, როდესაც ხევებია ამოვსებული, ლისზე გვაქვს პრობლემა, როცა ზედაპირზე მთები გვაქვს გაჩენილი. მიუხედავად დაჯარიმებებისა და ჯარიმების ზრდისა, ჩასაფრების ოპერაციებიც კი ტარდება, თუ ვინ ყრის. ამის მიუხედავად მაინც ეს პრობლემა გვაქვს.

ინერტული ნარჩენები არ იმართება მსოფლიოში ისე, რომ მაინცდამაინც სახელმწიფო უნდა მართავდეს, აქ შეიძლება ბიზნესის შემოყვანა, მათ შორის აღსრულების ნაწილშიც. რეალურად ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩვენ შეიძლება გადავამუშაოთ, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩავაბრუნოთ. აქ ორი კომპონენტი იქნება, ერთი, რომ დაინტერესება იყოს სახელმწიფოსი და ბიზნესის, რომ ეს ნარჩენი იქნას შეგროვებული, მეორე ნაწილია მშენებლობის პროცესში როგორ იქცევა დეველოპერი, როგორ ანთავსებს ინერტულ ნარჩენებს განცალკევებულად, რადგან ეს პროდუქტი ვიღაცამ უნდა წაიღოს შემდეგ გადასამუშავებლად და მეორე როგორ ვიქცევით ჩვენ, მოსახლეობა“,-აცხადებს მაია ბითაძე.

ის ჯერ კანონპროექტის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დოკუმენტი სავარაუდოდ მოსახლეობისთვის გაითვალისწინებს წამახალისებელ მექანიზმებსაც. რაც შეეხება ბიზნესს, როგორც ბითაძე ამბობს, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით კერძო სექტორი ვერ დარჩება აღფრთოვანებული.

„არის წამახალისებელი მექანიზმები, რომლის გამოყენებასაც ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზანი, რომ ახალი რეგულაცია შემოვიღოთ დეველოპერისთვის, რომ იგი დავავალდებულოთ მაინცდამაინც განაცალკეოს ეს ნარჩენი, მაგრამ დღეს პრობლემა რეალურად დიდია და წამახალისებელი მექანიზმების გამოყენება მოსახლეობასთან მიმართებაში შეიძლება იყოს, თუმცა სხვა საკითხებიც არის გასათვალისწინებელი. ერთმნიშვნელოვანია, რომ უნდა დავაინტერესოთ ბიზნესი, რომ ინერტული ნარჩენის გადამუშავების სურვილი გაუჩნდეს...

ვერ ვიტყვი, რომ სამშენებლო სექტორი იქნება აღფრთოვანებული, რომ მათ მოუწევთ ცალკე განთავსება სამშენებლო მოედანზე ინერტული ნარჩენის, თუმცა სამშენებლო სექტორი, რომელიც იმ მშენებლობაშია ჩართული, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, იქ მეტნაკლებად ეს საკითხი მოწესრიგებულია. ჩვენ ეს უნდა გავაფართოვოთ, რადგან რეალურად ვხედავთ პრობლემებს: ამოვსებული ხევები, დაბინძურებული გარემო და დაკარგული რესურსი.

სამშენებლო სექტორი სცოდავს ხშირად, რადგან მათი სამშენებლო ნარჩენი მოხვდება ხოლმე ვიღაცის კერძო ტერიტორიაზე. გავამკაცრეთ აღსრულება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამან შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს, მაგრამ ეს მაინც არ შველის. საჭიროა სწორედ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომ სისტემა გაუმჯობესდეს“,-აცხადებს მაია ბითაძე.

 „ინერტული ნარჩენების მართვის“ შესახებ კანონპროექტის პირველადი ვერსია უკვე არსებობს. მის შემუშავებაში კომიტეტს გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ეს იქნება ცალკე თავი „ნარჩენების მართვის კოდექსში“.