ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტებს.
მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტო ზრდაზე საუბარისთვის აუცილებელია მონაცემების შედარება გასულ წლების შესადარის პერიოდთან.
„როდესაც ვსაუბრობთ უპრეცენდენტო ზრდაზე, უნდა შევხედოთ რიცხვებს. რიცხვებს თუ შევხედავთ, ის უნდა შევადარაოთ შესადარის პერიოდს. ვერ შევადარებთ მაჩვენებლებს პადემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და ვერ შევადარებთ პერიოდს, როდესაც შეფერხებები იყო მიმოსვლაში. უნდა შევადაროთ რიცხვები პანდემიამდელ პერიოდს (2019 წელი). როდესაც შევადარებთ რიცხვებს ამ პერიოდს, ვნახავთ, რომ ართუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. აბსოლუტურად გაუგებარია ის შიშები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ინფორმაცია საჯაროა რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოდიოდა პანდემიამდე საქართველოში და რამდენი შემოდის დღეს.
ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის 7 თვეში საქართველოში რუსეთიდან 403 886 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 486%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს 52.5%-ით ჩამორჩება.
ვიზიტები რუსეთიდან:
• 2019 წლის 7 თვე - 850 650 ვიზიტი
• 2020 წლის 7 თვე - 187 326 ვიზიტი
• 2021 წლის 7 თვე - 68 906 ვიზიტი
• 2022 წლის 7 თვე - 403 886 ვიზიტი.