მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ თქვა უარი სებ-ის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე

64808e21a6dcf
მარიამ ვარადაშვილი
07.06.23 17:26
1164
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად განიხილავდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას სებ-ის საბჭოს წევრად.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ისაუბრა იმ მთავარ მიზეზზე, რატომაც პრეზიდენტმა უარი თქვა სებ-ის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე.

როგორც საპარლამენტო მდივანი ამბობს, პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, მაგრამ „კითხვებს აჩენდა კანდიდატის დამოუკიდებლობა“, რაც მთავრობის კატეგორიულმა მოთხოვნამაც გაამყარა.

“მოგეხსენებათ დღეს "ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ეროვნული ბანკის საქმიანობას.

"პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია.

რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, „ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც“.

„ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო; ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარა აზიანებს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

შეგახსენებთ: დღეს დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ეროვნული ბანკის კანონზე დადებულ ვეტოს დაძლევს. მმართველი პარტიის განცხადების თანახმად, მოლაპარაკება მიმდინარეობდა “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომ სებ-ში საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს წარადგენდა, თუმცა პრეზიდენტმა ეს პირობა არ დაიცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები