კითხვაზე განიხილება თუ არა ეროვნული ბანკის საბჭოში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი BMG-ის პასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
“არ მიდის არანაირი კონსულტაცია ქალბატონ პრეზიდენტთან არც ლაშა ხუციშვილის არც სხვა კანდიდატურების შესახებ,”- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
არსებული მდგომარეობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი კვლავ ვაკანტურია, მის მოვალეობას 2023 წლის ივნისიდან სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნათია თურნავა ასრულებს. 2023 წელს მიღებული კანონის თანახმად, პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.
ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, ამჟამად ის მხოლოდ 5 წევრისგან შედგება, შესაბამისად მასში 4 ვაკანტური პოზიციაა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარსულში სწორედ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, ამის შესახებ განცხადება “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის ივნისში გააკეთა. მაშინ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტისთვის სებ-ის პრეზიდენტის კანდიდატად ლაშა ხუციშვილი წარედგინა. აღნიშნული დაადასტურა თავად სალომე ზურაბიშვილმაც BMG-ის კითხვაზე პასუხისას. მისი თქმით, ის ხუციშვილის წარდგენაზე ფიქრობდა, თუმცა “ქართული ოცნების” გამუდმებული შეხსენების ფონზე, გადაწყვიტა ამ კანდიდატურაზე უარი ეთქვა.
“ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განვიხილე ძალიან სერიოზულად, მართლა ვფიქრობდი მასზე - რატომაც არა. გავარკვიე ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებთან და სხვა ქვეყნებშიც არის ამის მაგალითები, მაგრამ ორმა რამემ განაპირობა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება: მე ვნიშნავდი სებ-ის ბორდის წევრს და არა პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მეორე - იმ გაუთავებელმა დაჩემებამ, ზეწოლამ თუ შეხსენებამ - „როდის აკეთებ და რას აკეთებ“ - გამიჩინა განცდა, რომ ეს არის არადამოუკიდებელი ადამიანი. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, ამ პირობებში ვერ იქნება დამოუკიდებელი. ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ მისი დანიშვნა არის იმდენად აუცილებელი, რომ ამის გამო შეიძლება დაძაბო პრეზიდენტთან ყველანაირი ურთიერთობა, ესე იგი რაღაცა მჭიდრო კავშირები არსებობს და ეს აღარ არის ის, რაც უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის ივლისში.
საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ პარლამენტს სებ-ის საბჭოს ვაკანტური პოზიციების შესავსებად კანდიდატურები 2023 წლის სექტემბერში წარუდგინა, ეს იყო თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები, რომელთაც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი 2023 წლის სექტემბერშივე, სებ-იდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლიდან მალევე დაუჭირა.