მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვგეგმავთ, მეგრული სამზარეულო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარვადგინოთ” - ზუგდიდის მერი

632ab130bf296
ნინი ლონგურაშვილი
21.09.22 00:40
348
ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირისგან 30 000 ევროს გრანტი მიიღეს.

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ – ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, კი ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ასახავს.

BMG დაინტერესდა, რა მიმართულებებით გამოიყენებს მუნიციპალიტეტი ევროკავშირის გრანტს? - ამ კითხვით, “საქმიანი დილის” ეთერში ზუგდიდის მერს მამუკა წეწორიას მივმართეთ.

მისი თქმით, რამდენიმე ძირითად მიმართულებებს შორის, რომელიც გრანტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ერთ-ერთი მეგრული სამზარეულოს საერთაშორისო პლატფორმებზე წარდგენაა.

“ზუგდიდი, როგორც გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი, ამ მიმართულებით საერთაშორისო პლატფორმებზე ვგეგმავთ წარდგენას. ასევე, გვსურს, გასტრონომიასთან დაკავშირებული ნომინაციების მომზადება და არამატერიალური კულტურის ნუსხაში წარდგენა. ამასთან, გამოიცემა მეგრული სამზარეულოს რეცეპტების, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდვითი კატალოგები. ძირითადად ასეთ კონკრეტულ ღონისძიებებს გრანტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს, რომელიც დარწმუნებული ვარ ზუგდიდს მსოფლიო კულტურულ რუკაზე მკაფიოდ გამოაჩენს. მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯები, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმთან და მუნიციპალიტეტის შემოსავლების და ფინანსური რესურსების მობილიზაციის ზრდასთან, “ - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ცნობისთვის: ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, გრანტი კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში გადასცა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4culture პროექტის თანამშრომლები.