14.დეკემბერი .2020 17:26

ვიდრე ენგურჰესი გაჩერებულია, აფხაზეთი ელენერგიას რუსეთისგან იყიდის - თურნავა

ვიდრე ენგურჰესი გაჩერებულია, აფხაზეთი ელენერგიას რუსეთისგან იყიდის - თურნავა
views 743
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან იყიდის და ხარჯსაც თავად დაფარავს.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის იანვრის ბოლოდან ენგურჰესის რეაბილიტაცია იწყება და ჰესი სამი თვით სრულად გაჩერდება. აღნიშნული გამოწვევაა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რადგან ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ის მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს.

„რაც შეეხება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას, უკვე გავრცელდა ინფორმაცია აფხაზურ მედიაში, რომ ისინი იღებენ იმპორტირებულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც, პრაქტიკულად, მათი მხრიდან ხორციელდება. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, მან ენგურჰესის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ენგურჰესი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მაგრამ ეს ის სიმდიდრეა, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ის აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, შესაბამისად, მას სჭირდება პერიოდული რეაბილიტაცია. ბოლო ფართო მასშტაბიანი კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 2006 წელს, მას შემდეგ ეპიზოდური რემონტები იყო და ახლა დადგა დრო, მოხდეს მისი გვირაბის რეაბილიტაცია. დრო სპეციალურად შევარჩიეთ ზამთარში, რადგან ზამთარში იქ ისედაც დაბალია წყალი და ენგურჰესის გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ენგურჰესის გამომუშავება“, - განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციისთვის: ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ენგურჰესის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარი იქნება, განხორციელების შედეგად კი, სადგურის წლიური ხარჯი 47.9 მილიონი ლარიდან 24 მილიონ ლარამდე შემცირდება, 15-წლიან პერიოდში კი, რეაბილიტაციის მიერ მოტანილი სარგებელი 264 მილიონი ლარის ტოლი იქნება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა