მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ აშენებს გარდაბანში $87 მლნ ინვესტიციით მზის ელექტროსადგურს?

63ac565178d14
მარიამ ვარადაშვილი
29.12.22 16:55
1172
არაბთა გაერთიანებული საამიროების [UAE] სახელწიფო კომპანია Masdar გარდაბანში 96 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურის მშენებლობას გეგმავს.

ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სავარაუდო წლიური გამომუშავება 196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი თითქმის 87 მლნ. აშშ დოლარი იქნება.

მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში აშენდება. სადგურის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ენერგეტიკის განვითარების ფონდს დაევალა. აშენების შემთხვევაში ის საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პროექტი 26 დეკემბერს დააანონსა, Masdar-თან შეთანხმება გასული წლის დეკემბერში მოხდა. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის 2021 წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარებაზე. შეთანხმების ხელმოწერას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

საქართველოს ენერგეტიკის ფონდში BMG-ს უთხრეს, რომ სადგურის მშენებლობის დაწყება 2023-2024 წლებში იგეგმება, ხოლო მას შემდეგ რაც კომპანია საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას გააფორმებს, ყველა საჭირო კვლევას განახორციელებს.

"გასული წლის დეკემბერს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის გაფორმდა შეთანხმება 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას შესახებ. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების მიზნით მთელი წლის განმავლობაში განახორციელეს ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით, მოამზადეს პროექტის წინარე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა რომელიც კონცეფციის ბარათთან ერთად საქართველოს მთავრობას წარედგინა დასამტკიცებლად.

აღსანიშნავია, რომ MASDAR საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციის განხორციელებით და საქართველოს საინვესტიციო კლიმატით გასულ წელს აქტიურად დაინტერესდა და ქართული დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ საქართველოს გასულ წელს ეწვია, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების საკითხები განიხილეს და განსაკუთრებული ინტერესი მზის და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით გამოხატეს",-აცხადებენ ენერგეტიკის ფონდში. 


რას წარმოადგენს Masdar?

კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, მათ შორის საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ა.შ.

Masdar არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე განახლებადი ენერგიის პროექტებს ახორციელებს. რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ცვლილებით, ჯამში Masdar-ს სამი მფლობელი ჰყავს: სახელმწიფო ნავთობის კომპანია; TAQA [აბუდაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია] და ეროვნული ენერგეტიკული კომპანია. 2006 წელს დაფუძნებული კომპანიის მიზანია ენერგეტიკის გლობალურ ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების როლი გაზარდოს.

როგორც Reuters წერს, კომპანიას ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 20 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტებში აქვს ინვესტიცია განხორციელებული. კომპანია ინვესტიციებს განახლებად ენერგიებში, ძირითადად კი მზისა და ქარის სადგურებში დებს. წინა კვირაში კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მწვანე წყალბადის პროექტზე გერმანულ Uniper-თან იწყეებს თანამშრომლობას. Bloomberg-ის ინფორმაციით, თანამშრომლობა 1.3 გიგავატი სიმძლავრის მზის სადგურის მშენებლობას გულისხმობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები