ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის ევროსტრუქტურების სანქციების გვერდის ავლის მცდელობის. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი ჩამოდიან.
„საზოგადოებაში დიდი ინტერესია ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მაღალი წარმომადგენლობა და არა მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, აშშ-დან ჩამოდის ბატონო ო'ბრაიანი, და ბრიტანეთიდან ბატონი აიერი. სამი ძირითადი მიმართულებაა, სამი ქვეყანა და ქვეყანათა ჯგუფი, რომელიც სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, სანქციების აღსრულების, ისე როგორც სანქციების გვერდის ავლის კუთხით პრევენციის ნაწილში. ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის და ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია პარტნიორებთან. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს მათ შორის ევროსტრუქტურებთან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის. არ წარმოიდგინოთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არის მარტივი პროცესი. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობის. საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყნებში და საქართველო აქაც თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი იქნება სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოზე.
„ვფიქრობთ, რომ მივიღებთ კიდევ ერთ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმ ნაწილში, თუ როგორ მაღალ დონეზე ახდენენ ჩვენი სტრუქტურები პარტნიორების მხარდაჭერას იმ ნაწილში, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დეტალური განცხადება და განმარტება გააკეთა ამ საკითხებთან დაკავშირებით - საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, არამედ პირიქით, საქართველო ეხმარება პარტნიორებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციის ნაწილში. ამაზე მეც მქონდა შეხვედრა, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების დონეზე, სადაც თხოვნა იყო საქართველოს მიმართ, რომ დახმარებოდა სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ტრანზიტის ნაწილში კონტროლში. ეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე უბრალოდ ის, რომ ყოველდღიურ რუტინაში შევასრულოთ ის, რასაც ისედაც ვასრულებთ“, - თქვა დავითაშვილმა.