მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვკოტრდებით", "გაყიდვები 80%-ით შემცირდა" - საბანკო რეგულაციების 1 წელს მოვაჭრეები აფასებენ

5e2833206ded8
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.20 15:41
12860
2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამასთანავე, განისაზღვრა საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი. ამ ცვლილებიდან ერთი წლის შემდგომ, საქართველოს მთავრობა მათ შეცვლაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტიდან, საბანკო რეგულაციები შერბილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქეს სესხზე ხელმისაწვდომობა გაეზრდება.

BM.GE დაინტერესდა, ფლობენ თუ არა რეგულაციების შერბილების შესახებ ინფორმაციას ავეჯის რეალიზატორები და რა შედეგებით დაასრულეს 2019 წელი.  ჩვენ ამ კითხვებით სავაჭრო ცენტრ „საბას“ მოიჯარეებს მივმართეთ. 

„ვკოტრდებით“, „გაყიდვები 80%-ით შემცირდა“, „ვფიქრობთ, თავი დავანებოთ ავეჯის გაყიდვებს“ - ასე ეხმიანებიან BM.GE-ისთან საუბრისას  "საბაში" დასაქმებულები  2019 წელს ამოქმედებულ ე.წ. საბანკო რეულაციების ეფექტს და წლის განმავლობაში გაუფასურებული ეროვნული ვალუტის გავლენას მათ საქმიანობაზე.

„საბაში“ ავეჯის რეალიზაციის მხრივ მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - აცხადებენ მოვაჭრეები. მათი თქმით, საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ, გაყიდვებმა 80%-ით იკლო:

მოიჯარე #1: „მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, 2019 წელს გასაგებია რომ რეგულაციები ამოქმედდა და ამან საბოლოოდ იმოქმედა ჩვენს საქმიანობაზე. ადრე თუ კვირაში 7 განვადებას ვაკეთებდით, ახლა 1 განვადება ან გაკეთდება ან - არა. ყველაზე მარტივად განვადებას „კრედო“ აკეთებს, თუმცა საპროცენტო განაკვეთი და ვადები მომხმარებელთა უმრავლესობისთვის მიუღებელია“.

მოიჯარე #2: „როგორ გითხრათ, აღარ ვიცით რა გავაკეთოთ -  საქონელი მომაქვს, მაგრამ ვერ ვყიდი. თუ ასე გაგრძელდება ალბათ დავანებებ ამ საქმეს თავს. ძალიან ბევრი წავიდა „საბადან“ და მივყვები მეც. დივან-სავარძლებზე ხალხი ადრე ადვილად აკეთებდა განვადებას და ახლა ამდენი ფული ხელზე არავის აქვს. დღეები გადის და ჩვენ უბრალოდ ვფიქსირდებით, რომ აქ ვვაჭრობთ, ვიხდით იჯარის თანხას, კომუნალურებს, საშემოსავლოს და 50 ლარიც აღარ გვრჩება მოგება. ლარის კურსმაც გავლენა იქონია. გვინდა, არ გვინდა, პროდუქციაზე ფასები გავზარდეთ. ჩვენ თურქეთიდან შემოგვაქვს საქონელი, შესაბამისად, დოლარის კურსზე ვართ დამოკიდებული. ყველაფერი ამის ფონზე გაყიდვები 80%-ით შემცირდა. აი, გვერდით სექციის გამყიდველიც ხან მოდის, ხან - არა, რა აზრი აქვს იმის მოსვლას. მყიდველი თუ მოვა დავურეკავ და ვკითხავ ფასს, ფუჭი დროის ხარჯვა მაინც არ გამოუვა აქ ჯდომით.“

მოიჯარე #3: „ვკოტრდებით შვილო. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდება წელსაც, დავანებებ ყველაფერს თავს და წავალ საზღვარგარეთ. აბა, აღარაფერი გამომდის აქ. წარმოიდგინეთ 250-ლარიან საწოლებზე მოდიოდნენ და განვადებას აკეთებდნენ, ახლა მაგასაც ვერ აკეთებენ და დღეში ერთი პროდუქტი მაინც რომ გავყიდოთ, გვიხარია. საშუალო ფენა იყო ჩვენი მომხმარებელი და ახლა ისინიც აღარ მოდიან“.

მოიჯარე #4: „ჩვენ ქვემოთ გვქონდა მაღაზია, იჯარა პირველ სართულზე უფრო მაღალია 1მ2 - 16-18 დოლარი, აქ ზემოთ კი, 11-13 დოლარია, ამიტომ აქ ამოვედით, მაგრამ იმდენად გაგვიჭირდა გაყიდვებში, რომ რამდენიმე ხნის წინ „საბას“ ადმინისტრაციამ „დაგვლუქა“ იჯარის გადასახადის ვადაგადაცილების გამო. ჯარიმაც გადავიხადეთ და რამდენიმე დღე ვერც ვვაჭრობდით. ჩვენ რა გავაკეთოთ; ვცდილობთ, ოჯახებში საჭმლის ფული შევიტანოთ და არ გამოგვდის“.



მოიჯარე #5: „მას შემდეგ, რაც რეგულაციები გამკაცრდა, საცალო გაყიდვები ძალიან შეგვიმცირდა. ჩვენ მაღალფასიანი ადგილობრივი და ასევე იმპორტირებული ავეჯი გვაქვს. ისინი ვინც განვადებებით ყიდულობდნენ, დღეს ვეღარ აკეთებენ განვადებას, დადიან და 1000 ლარის ფარგლებში ეძებენ ავეჯს. ქართველები ჩვენთან აღარ ვაჭრობენ, მხოლოდ ირანელებს, აზერბაიჯანელებს და სომხებს შეუძლიათ იყიდონ ამ ღირებულების პროდუქტი. ამიტომ ჩვენ საბითუმო ვაჭრობა გავააქტიურეთ, თუმცა ამ მიმართულებითაც თუ ადრე რეგიონებს დიდი რაოდენობით პროდუქცია მიჰქონდათ, 2019 წელს კახეთმა სულ 2 შეკვეთა წაიღო, იმერეთმაც - 3 თუ 4. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ".

bm.ge-ის კითხვაზე - აქვთ თუ არა ინფორმაცია, გაზაფხულიდან საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ, ნაწილი ამბობს, რომ აქვს, თუმცა არ ფიქრობენ, რომ ამით მნიშვნელოვნად შეიცვლება სურათი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პოზიტიურადა განწყობილი და იმედოვნებენ, რომ საბანკო რეგულაციების შერბილების შემდეგ ვითარება გამოსწორდება.