მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე $4.5 მილიონის ღირებულების სისხლი გავიდა

621649ae65f7d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 00:00
3326
საქართველომ 2021 წელს ექსპორტზე 4.5 მლნ დოლარის 24 ტონა სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ადამიანის და ცხოველების სისხლი გაიტანა. სისხლის ექსპორტის მოცულობა როგორც 2020, ასევე 2019 წელთან შედარებით შემცირებულია, ღირებულება კი 2020 წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო 2019 წლის ღირებულებას თითქმის უტოლდება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს 8 ტონით მეტი სისხლის ექსპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადამიანის და ცხოველების სისხლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთია. ამ მიმართულებით სისხლის ექსპორტით საქართველომ 3.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნულ პერიოდში სისხლი ექსპორტზე ირანში (983.1 ათასი დოლარი, 1.7 ტონა), ყაზახეთში (125.2 ათასი დოლარი, 0.2 ტონა), თურქმენეთში (18.1 ათასი დოლარი, 0.06 ტონა) და აზერბაიჯანში (2.5 ათასი დოლარი, 0.09 ტონა) გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ქვეყნიდან სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი 14.5 ტონა ადამიანის და ცხოველის სისხლის შესაძენად 3,8 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად 2020 წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 83%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 70.6%-ით.

საიმპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, საიდანაც 1.3 მლნ დოლარის ღირებულების 3 ტონა სისხლი შემოვიდა. მეორე ადგილზე საფრანგეთია (875.5 ათასი დოლარი, 1.6 ტონა), მესამეზე - ირლანდია (379 ათასი დოლარი, 0.13 ტონა), მეოთხეზე - დანია (302 ათასი დოლარი, 3.5 ტონა); მეხუთეზე - უნგრეთი (295.6 ათასი დოლარი, 4.1 ტონა); მეექვსეზე - შვეიცარია (193.1 ათასი დოლარი, 0.02 ტონა) მეშვიდეზე - გერმანია (142.4 ათასი დოლარი, 0.31 ტონა); მერვეზე - რუსეთი (100 ათასი დოლარი), მეცხრეზე - კორეა, მეათეზე კი ბელგია.