მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვშიშობთ, საერთოდ არ მოხდება ტარიფების შეცვლა" - კარდიოქირურგი 520-ე დადგენილებაზე

5df3d5de28e1a
BM.GE
13.12.19 22:26
1159
„ჩვენი ღრმა რწმენით გამოსავალი იყო 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერება რამდენიმე თვით მაინც. თქვენ როგორც ხედავთ, პროცესი ნელა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ "თბილისის გულის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა, კარდიოქირურგმა არჩილ ჩუხრუკიძემ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დარგის წარმომადგენლები პროცესის მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილი.

„როგორც ქალბატონმა ეკატერინემ [ტიკარაძემ] თქვა, არ არის ბევრი ნოზოლოგია და სწრაფად შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, ეს პროცესი ძალიან იწელება, სანამ პრემიერთან არ მოხდა შეხვედრა, სანამ მისი ჩარევა არ მოხდა, მსგავსი შეხვედრები არ იქნა დაწყებული, შესაბამისად ჩვენი მოლოდინი, რომ ეს პროცესი სწრაფი იქნება, ცოტა პესიმისტურია. საერთოდ იმიტომ რომ ეს პროცესი იწელება, ჩვენ ვშიშობთ რომ საერთოდ არ მოხდება ტარიფების შეცვლა და თავისთავად კლინიკების და მთელი დარგის კოლაფსი ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შექმნაზეც პრემიერ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, მაშინვე დაკომპლექტდა იმ 26 კლინიკისგან, რომელმაც მიმართა პრემიერს.

„ჩვენ ეს წერილი შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში. მიუხედავად ამისა, გუშინ გამოქვეყნდა პორტალზე მოთხოვნა, რომ ჩვენ აგვეტვირთა ჩვენი მონაცემები, ჩვენი CV და ინფორმაცია და 16 დეკემბრამდე ეს პროცესი იქნებოდა. შემდეგ დაიწყებოდა ჯგუფების ჩამოყალიბება. დღეს არ ვიცით, ამ ჯგუფს რა ბედი ეწია, ჩვენ ის ადამიანები ვინც ჩავერთეთ, იმ ჯგუფში ვიქნებით, არ ვიქნებით, ან ვინ იქნება იმ 10-კაციან ჯგუფში.

პირდაპირი კომუნიკაცია ქალბატონ თამართან, მის მოადგილეებთან ჩვენ სერთოდ არ გვაქვს, ჩვენი ურთიერთობა არის მხოლოდ პორტალიდან, გამოქვეყნდება რაღაც ინფორმაცია, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული, რომ ეს ინფორმაცია ვნახოთ და შემდგომში გავცეთ პასუხი და მოვახდინოთ რეაგირება. ქალბატონმა თამარმა და მინისტრმა თავის წერილში რომელიც ჩვენი წერილის საპასუხოდ მოგვწერეს, თქვეს რომ ეს არის მათი კომუნიკაციის სტილი, ეს არის სწორი სტილი, ისინი მიიჩნევენ, რომ პირადი ურთიერთობები არ არის საჭირო. დარგობრივ ასოციაციებთან საქმიანი თანამშრომლობა ამ ტარიფებთან დაკავშირებით არ არის მნიშვნელოვანი, ეს მათ წერილში ეწერა და რატომღაც მათი არჩევანია ასეთი ურთიერთობა. თუმცა, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - აღნიშნა არჩილ ჩუხრუკიძემ.

შეგახსენებთ, კლინიკების და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. გარდა ამისა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართეს. ისინი 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშო ჯგუფის შეხვედრების ჩანიშვნას ითხოვენ.