მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ცხრა თვეში ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგი

6374cf5bc9dd6
თელარა გელანტია
16.11.22 17:28
950
საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას ჩამორჩება. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 9 თვეში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 157 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის ანუ 194 მილიონის 80%-ია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი, სამ კვარტალში 207 მილიონის ქონება გაყიდეს, თუმცა ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტებში დარჩა. “სამი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ განაწილებულია 207 632 023 შემდეგნაირად: 2022 წლის 9 თვის გეგმა შეადგენდა 194 000 000 ლარს. ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხულია - 151 107 456 ლარი; ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართულია - 36 271 285 ლარი; აჭარის ა/რ ბიუჯეტში გადარიცხულია - 1 740 177 ლარი; სააგენტოს ანგარიშზე აკუმულირებული თანხა - 18 513 103”, - მოგვწერეს სააგენტოდან.

რაც შეეხება 2022 წლის ცხრა თვეში ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგს, BMG-მ ქონების სააგენტოდან გამოითხოვა იმ 20 ქონების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ყველაზე ძვირად გაიყიდა.

აღსანიშნია, რომ 20 ქონებიდან ნახევარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულების გარეშეა გაყიდული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 20 ყველაზე ძვირადგაყიდული ქონებიდან 6 არის ისეთი, რომელთა საპრივატიზაციო თანხა სამ მილიონ ლარს აღემატებოდა, დანარჩენის ფასები კი მილიონიდან სამ მილიონამდე მერყეობს.

ქონების სააგენტოს მიერ მომზადებული ყველაზე ძვირად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირადღირებული გაყიდული ქონებაა „წყნეთის სამთავრობო აგარკები“, რომელიც 48 მილიონად გასხვისდა საინვესტიციო ვალდებულების გარეშე. მფლობელებად კი ფიზიკური პირები და ასევე შპს „იბეროტელია“ მითითებული.

რეიტინგში მეორე ადგილზეა „მიხაილოვის საავადმყოფო“, რომელიც საქართველო-რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. საინვესტიციო ვალდებულებაშია მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა, რომელიც მოიცავს ხელოვნების ცენტრებს, საგამოფენო დარბაზებს, კვების ობიექტებს და მინიმუმ 6 წელი ამ ადგილას საცხოვრებელი კორპუსი არ უნდა აშენდეს.

ყველაზე ძვირად გაყიდულ სახელმწიფო ქონებებს შორის მესამე პოზიციაზეა „რიყის დოქები“. ობიექტი, რომლის გაყიდვასაც 2020 წელს მთავრობა 96 მილიონ ლარად გეგმავდა, წელს თითქმის ათჯერ ნაკლებ ფასად – 10 მილიონად იყიდა კომპანია Global Victory Trust-მა, კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. მესაკუთრე ვალდებულია, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს; ინვესტიციის სახით კი არანაკლებ 20 მლნ ლარი უნდა ჩადოს.



ყველაზე ძვირად გაყიდული ქონებების ექვსეულშია, ასევე, წყალტუბოში პრივატიზებული სანატორიუმები „მედეა“ და „თბილისი“. სანატორიუმი „მედეა“ შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ 5.8 მლნ ლარად იყიდა; „თბილისი“ კი 3 მილიონად შპს „აკამ“, რომლის 97%-იანი წილის მფლობელი წყალტუბოელი ჯამათა ჩარკვიანია. როგორც BMG-მ გაარკვია, სანატორიუმის ადგილას 5-ვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 10 მილიონ ლარამდეა.

3 მლნ ლარზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგში მოხვდა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 88854.00 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „ცენტრმა“ 4 მლნ ლარად შეიძინა. აღსანიშნია, რომ ქონებას საინვესტიციო ვალდებულება არ მოჰყვებოდა.

BMG პერიოდულად მოიკითხავს, რამდენად აქტიურად ჩაერთვება პრივატიზებული სახელმწიფო ქონება ეკონომიკურ აქტივობაში.