სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისის აეროპორტის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს. საუბარია ყოფილი აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 4 969 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. ტერიტორიის გარშემო ამჟამად ლოგისტიკური და ინდუსტრიული ობიექტები მდებარეობს.
აუქციონის საწყისი ფასი 1 850 000 ლარია, ხოლო სავაჭრო ბიჯი – 5 000 ლარი. მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს 185 000 ლარის ოდენობის საგარანტიო თანხის გადახდა მოუწევთ.
აუქციონი 20 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს, 17:00 საათზე დასრულდება. ამ დროისთვის ლოტზე ბიჯი არ დაფიქსირებულა და მიმდინარე ფასი საწყის ფასს – 1.85 მილიონ ლარს შეადგენს.
საპრივატიზებო ობიექტი რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით 01.19.15.001.134 და მდებარეობს თბილისის აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ქონებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი.
კერძოდ, მიწის ნაკვეთზე გადის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი, ხოლო ტერიტორიას ასევე კვეთს სს „თელასის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზი.
ამასთან, ქონება თბილისის აეროპორტის დაცვის არეალში მდებარეობს, რის გამოც შენობა-ნაგებობების განთავსებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ვაზიანის აეროდრომის სიმაღლის დაცვის განმსაზღვრელი მოთხოვნებიც.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქონების დათვალიერება აუქციონის დასრულებამდე შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება საპრივატიზებო თანხა 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება იუსტიციის სახლში აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა შესაბამის ბიუჯეტში ჩაირიცხება.
































