მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყება იგეგმება - გიორგი ჩიქოვანი

6087fea95cb8a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 16:15
862
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყება იგეგმება.

როგორც გიორგი ჩიქოვანმა ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება. მისივე თქმით, საქართველოს განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი გააჩნია და ბოლო წლებია საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი მწვანე წყალბადის შესწავლის საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სემინარები და შეხვედრები, სადაც ხდება მსოფლიო ტენდენციების განხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა მწვანე წყალბადის საერთაშორისო რუკაზე.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, ვმუშაობთ მწვანე წყალბადის წარმოებისთვის საჭირო რესურსების შეფასების ანგარიშის მომზადებაზე, ასევე მიმდინარეობს მწვანე წყალბადის ტრანსპორტირების საკითხის შესწავლა“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, აღნიშნული კვლევების დასრულების შემდგომ, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ექსპერტების ჩართულობით, მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იგეგმება, რომელიც ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების ბიზნეს პოტენციალი დანახვისა და შეფასების შესაძლებლობას მისცემს.

„პარალელურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მწვანე წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირების და ვაჭრობის საკითხები. ასევე მიმდინარეობს მწვანე წყალბადის პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.