მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

63baa71947834
ვიქტორია მღებრიშვილი
08.01.23 15:09
5877
თბილისის მერიის მიერ აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აუქციონის გარეშე გამოცხადებული ტენდერის შედეგებით ირკვევა.

დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით 3 მონაკვეთზე ტენდერები გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 1 იანვარს დაიწყო და 6 იანვარს უშედეგოდ დასრულდა.

ტენდერის პირობების მიხედვით, წერეთლის გამზირის პირველი - ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის შესყიდვის საწყისი ღირებულება 6 075 237 ლარი იყო, მეორე - გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის შესყიდვის ფასი 8 592 298 ლარი, ხოლო სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობის საწყისი ფასი 5 515 779 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიისთვის 2023 წელს გაწერილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას მოიცავს და მისი ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 2023 წელს 25 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

თბილისის მერმა გასული წლის ნოემბერში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წერეთლის გამზირზე არსებულ მდგომარეობას არასახარბიელო უწოდა და კომპანიებს აქტიურობისკენ მოუწოდა.