მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაწყვიტა მერიამ წერეთლის გამზირზე კონტრაქტორებთან ხელშეკრულება ახლა და არა 6 თვით ადრე? - პასუხი

ირაკლი ბენდელიანი

რატომ დასჭირდა თბილისის მერიას 6 თვე, რომ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულებები გაეწყვიტა, როცა ზაფხულშიც ჩანდა, რომ სამუშაოები ვადებში და საჭირო ხარისხით ვერ დასრულდებოდა - ამ კითხვით მიმართეს დღეს ჟურნალისტებმა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, რომელმაც კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორ კომპანიასთან “ერ ტე დესთან” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპთან” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს გაწყვიტა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უკვე შერჩეულია ოთხი კომპანია, რომლებმაც 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაონ და სამუშაოები იანვრის ბოლომდე დაასრულონ.

ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის რეაბილიტაციის მონიტორინგი მუდმივად ხდებოდა.

„რაც შეეხება გაფრთხილება/დაჯარიმებებს, არ მინდა შევქმნათ განცდა, თითქოს 8 თვის განმავლობაში წერეთლის გამზირზე არავინ მონიტორინგს არ აკეთებდა და თითქოს ერთ დღეს ავდექით, მივედით და გავაკეთეთ ყველაფერი. ეს არის ცოცხალი პროექტი. უკვე დასრულებულ პროექტებზეც შეიძლება ნახოთ საჯარიმო სანქციები კომპანიების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტები უკვე დასრულებული აქვთ. თუმცა ამ შემთხვევაში[წერეთლის გამზირთან დაკავშირებით] მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხი და დასრულების ვადები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. შემოგვეყვანა ოთხი ახალი კომპანია გაძლიერებული რესურსით და მეტი მზაობით, რომ წინასწარ დაანონსებულ ვადებში დასრულებულიყო სამუშაოები“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი თქმით, თბილისის მერია არცერთ კომპანიას არ გადაუსვამს თავზე ხელს, მით უმეტეს მათზე, ვინც ვალდებულებებს არ ასრულებს. „რამდენი ხნით გაწყდება ხელშეკრულება კომპანიასთან, ეს იქნება 15 დღე თუ 35 ამას კანონმდებლობა არ კრძალავს. მოვიქცევით კონკრეტული შემთხვევის მიხედვით“, - თქვა ბენდელიანმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა ელის კომპანიებს, რომლებთანაც მერიამ ხელშეკრულებები გაწყვიტა, თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ პირველ რიგში გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

„კომპანიებისგან, რომლებთანაც ხელშეკრულებებია გაწყვეტილი, პირველ რიგში გამოწერილი ჯარიმების თანხების გამოთხოვა მოხდება. ანუ კომპანიებს მოეთხოვებათ, რომ ეს თანხები გადაიხადონ. გარდა ამისა, ორივე კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები და ამ გარანტიებს ბანკიდან გამოვითხოვთ. პარალელურად, შესყიდვების სააგენტოს მივმართავთ, რომ ეს კომპანიები შევიდნენ ე.წ. შავ სიაში, თუმცა ეს ასე მოხდება თუ არა, ჩვენ არ ვწყვეტთ. 17.5 მლნ გადანაწილდება არსებულ კომპანიებზე. საგზაო ნაწილში ამ გადაუდებელი აუცილებლობით ბიუჯეტი არ გაიზრდება“, - თქვა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ორ შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაწყდა, 7-8 კომპანიას გაეგზავნა შეთავაზებები და სამუშაოების დროულ შესრულებაზე თანხმობა 4-მა გამოთქვა.

„დაახლოებით 7 ან 8 კომპანია იყო, რომელსაც ჩვენ გავუგზავნეთ ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია. ბუნებრივია, ამ შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფასი, თუმცა იქ სხვა კომპონენტებიც იყო მოთხოვნილი, როგორც ვადების, ასევე სხვა ნაწილებში. ამ ყველაფერთან ერთობლიობის ნაწილში ეს ოთხი კომპანია გამოვავლინეთ“, - თქვა ბენდელიანმა.

თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა

კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება - მერია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები