მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

60ba34bab5a73
ინგა მურუსიძე
04.06.21 21:41
1078
გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების უკეთ გასათვალისწინებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

როგორც bm.ge-ს სებ-დან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის მუშაობას აქტიურად განაგრძობს და ეტაპობრივად ახორციელებს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევით და საზედამხედველო სტრატეგიით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას. ამჟამად, ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და ESG შეფასების ბარათის (ESG Scorecard) საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარეებთან განიხილავს.

"ტაქსონომიის მიზანია, ბაზარზე მწვანე, სოციალური და მდგრადი ეკონომიკური აქტივობების ჰომოგენური განმარტების შემოღება. ESG შეფასების ბარათი კი, როგორც პროგრესის საზომი ინსტრუმენტი, მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტების მიერ გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგისა და შეფასებისთვის იქნება გამოყენებული.

ESG საკითხების სათანადო მართვა მდგრადი დაფინანსების წარმატებით და ეფექტიანად განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ESG საკითხების გათვალისწინება მოხდა. თუმცა, მდგრადი დაფინანსების განვითარებისა და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, საჭირო გახდა ESG საკითხების კორპორაციული მართვის კოდექსში უფრო სრულყოფილად და დეტალურად ასახვა.

კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დაზუსტდა ESG საკითხები და მათთან დაკავშირებული მოთხოვნები უფრო ცხადად ჩაიწერა. კერძოდ, განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობა ESG საკითხების ბანკის სტრატეგიასა და რისკების მართვის ჩარჩოში ინტეგრირებასთან და მათ ეფექტიან განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, დაზუსტდა ESG საკითხების ანგარიშგების ფორმა და სახელმძღვანელო პრინციპებად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები განისაზღვრა. გარდა ამისა, ESG საკითხების ანგარიშგების ფორმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებას დაემატა და ამიერიდან ESG საკითხების გამჟღავნება მის ფარგლებში მოხდება. შესაბამისი ცვლილება შევიდა "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესშიც".

წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია ESG საკითხების კომერციული ბანკების საქმიანობაში სათანადო ინტეგრირების, ESG რისკების ეფექტიან მართვისა და ESG საკითხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გაუმჯობესების ხელშეწყობა. აღნიშნული, თავის მხრივ, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სებ-ი ავრცელებს.