მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კოვიდ-ვაქცინის ჯერ მხოლოდ 25 დოზა მიეწოდა

6006d53d55e54
ნათია თაქთაქიშვილი
19.01.21 22:00
873
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განაცხადებით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კოვიდ-ვაქცინის მხოლოდ 25 დოზა მიეწოდა, მაშინ როდესაც მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა უკვე 39 მილიონი კოვიდ-ვაქცინის დოზის მიღება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამ ეტაპზე გვინეა არის ერთადერთი განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც რუსული ვაქცინა Sputnik-ის მხოლოდ 25 დოზა მიეწოდა.

გებრეიესუსმა ქვეყნებსა და მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით ვაქცინის დოზების სამართლიანად გავრცელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვაქცინის სამართლიანად გადანაწილების პერსპექტივა „სერიოზული რისკის“ ქვეშაა.

გებრეიესუსის განცხადებით, მხოლოდ მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის აცრა ვერ გადაჭრის პანდემიის პრობლემას, რადგან მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ აუცრელი იქნება.

„არასწორია მიდგომა, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდა მოსახლეობა უფრო ადრე იცრება, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც პანდემიის რისკ-ჯგუფს განეკუთვნება“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით Covax-ის პლატფორმასთან გასულ წელს 44, მიმდინარე წელს კი სულ მცირე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ქვეყნები რიგს არ იცავენ. ამან Covax-ის ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შესაძლოა, შეაფერხოს და შექმნას ქაოსური სიტუაცია.