მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინა ხელისუფლების დროს ნავთობის იმპორტი ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული - ღარიბაშვილი

6253edfa4065b
გიორგი თოლორდავა
11.04.22 13:04
3312
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს საწვავის და ნავთობის იმპორტი ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული, „ქართული ოცნების“ პერიოდში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ბაზარზე ათობით შემომტანი გაჩნდა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბაზარი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიხსნას, რათა მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

„სხვადასხვა ჯგუფმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო; ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს.

მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად რამდენიმე ჯგუფი არსებობდა ბაზარზე, ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული და ისინი კარნახობდნენ, იძლეოდნენ დირექტივებს ყველა იმპორტიორის მიმართ.

ეს იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის და სააკაშვილის ხელში. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მინდა ყველას შევახსენო, რომ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, რამდენიმე ათეული შემომტანი გაჩნდა ბაზარზე. ჩამოყალიბდნენ მსხვილი ჯგუფებიც, იმიტომ, რომ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციაა და სახელმწიფო უხეშად, ზედმეტად არ ერევა ფასების რეგულირებაში.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ყურადღებით ვაკვირდებით ყველა კეთილსინდისიერი იმპორტიორის ქმედებას, მათ ქცევას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე შემცირდება საწვავზე ფასებიც, თუ რაიმე რადიკალური ცვლილება კიდევ არ განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები