მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წისქვილები იხურებიან... ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის ჩაბარება უჭირთ - სილაგავა გამოწვევებზე

63f75a428c89a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.23 17:07
2443

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში წისქვილები კვლავ დახურვის პირას არიან, ადგილობრივი ხორბლის მწარმოებელი ფერმერები კი გასულ წელს აღებულ და შენახულ მოსავალს ვეღარ აბარებენ. ამის მიზეზად დარგის წარმომადგენელი რუსეთში ხორბლის ექსპორტზე მზარდ ბაჟს და ფქვილის იმპორტის ზრდას ასახელებს. სილაგავა აღნიშნავს, რომ ანალოგიური პრობლემები ადგილობრივ წარმოებას გასულ წელსაც ჰქონდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი გაზარდა, ფქვილის იმპორტი იზრდება და წისქვილები გაჩერების პირას არიან. დღეს ამ გამოწვევას, რომელიც გასულ წელსაც იყო - წისქვილკომბინატების გაჩერებას, კიდევ ერთი გამოწვევა დაემატა, ეს ადგილობრივი ფერმერების პრობლემაა, რომლებსაც გასულ წელს აღებული და შენახული ხორბალი აქვთ. ზოგადად საქართველოსა და მსოფლიოში ასე ხდება, ფერმერები აღებულ ხორბლის ნაწილს ინახავენ, რათა ზამთარში ძვირად გაყიდონ. ახლა ქვეყანაში გაზრდილი ფქვილის იმპორტი, წისქვილკომბინატებს ხორბლის ჩაბარებას აზარალებს, რადგან ფასები სხვადასხვაა.

რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადის ზრდისას, რუსული ხორბლის ღირებულება იზრდება, ამიტომ საქართველოში შემოდის უფრო იაფი ფქვილი. ამ პირობებში წისქვილკომბინატებს ხორბლის გადამუშავება არ უღირთ და ისინი ადგილობრივი წარმოების ხორბალს ვერ იბარებენ, რადგან ის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთიდან ფქვილის შემოტანა“, - ამბობს სილაგავა.

მისი ინფორმაციით, დღეს რუსეთიდან გაყიდული ფქვილის ყოველი მეხუთე პარტია საქართველოში შემოდის, რაც ცუდი სტატისტიკაა. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი ხორბლის წარმოებისა და გადამუშავების გადარჩენისთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კონკრეტულად კი ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპირწონე გადასახადი დაინიშნოს, რაც ხორბლისა და ფქვილის იმპორტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

„საქართველოს მთავრობა საქმის კურსშია და ვფიქრობთ, გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. გასულ წელს მსოფლიოში იყო მოსაზრება, რომ რუსეთი ხორბალზე დაწესებულ ბაჟს მოხსნიდა, თუმცა იანვარში რუსეთის მთავრობამ თქვა, რომ ისინი ხორბლის საექსპორტო ბაჟის მოხსნას არ აპირებენ. ამიტომ საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რათა ქვეყანაში წისქვილებმა იმუშაონ და ხორბლის მწარმოებლებს ხორბლის მოყვანის სტიმული მიეცეთ, სასურსათო უსაფრთხოება დააკმაყოფილონ და ხორბლის თვითუზრუნველყოფა 15%-დან 50%-მდე გაიზარდოს, როგორც ეს მთავრობას აქვს გაცხადებული.

ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპირწონე გადასახადის შემოღებით წისქვილები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ეს ის შეთავაზებაა, რომელიც გასულ წელს დარგმა მთავრობას წარუდგინა“, - განაცხადა სილაგავამ.

იანვარში რუსული ფქვილის იმპორტი გაორმაგდა, რუსეთი კი ხორბლის საექსპორტო ბაჟს კიდევ ზრდის