მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღგ-ს 100 000-ლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს" - რას ითხოვს რესტორატორთა ასოციაცია?

62ceff6e81c25
ალა ისპირიანი
13.07.22 23:40
895

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ დღგ-სთან დაკავშირებული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. საუბარია, დღგ-ს 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე, დღგ-ს გადასახადის შემცირებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღგ-თი დაბეგვრაზე.

როგორც, ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ Bm.ge -სთან განაცხადა, ბიზნესომბუდსმენთან და ეკონომიკის მინისტრთან ამ საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"დღგ, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, ჩვენ სფეროში არსებულ მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხია. იგულისხმება 100 000-ლარიანი ბრუნვა, რომელიც მიღებული იქნა მაშინ, როდესაც დოლარი 1.65-ზე იყო და დღეს 2.85 არის. ასევე ინფლაცია, რომელიც წლების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ მზარდია, 100 000 ლარიანი ზღვარი ამ პირობებში წარმოუდგენელია. ეს ცვლილება აქამდე უნდა მომხდარიყო. თუმცა დღეს უკვე გარდაუვალია, რომ 100 000 ლარიანი ზღვარი არ გაიზარდოს.

მეორე საკითხი, ისაა რომ, კოვიდ ვითარებაში ჩვენი სფეროსთვის მდგომარეობა რთული იყო და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დღგ-ს გადასახადი შეამცირა. აქაც აუცილებელია მინიმუმ საკვებ პროდუქტზე შემცირდეს, აქ შეიძლება გაიმიჯნოს და დეფინიცირება მოხდეს სასმელთან. შესაძლოა სურსათის შემთხვევაში დღგ-ს გადასახადი ნაკლები იყოს და ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში მეტი, რადგან სურსათი პირველად მოხმარებას წარმოადგენს.

მესამე საკითხი კი, რომელსაც ჩაღრმავება და სპეციალისტების დასკვნები სჭირდება არის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღგ-თი დაბეგვრა.

როდესაც რესტორატორი ამა თუ იმ პროდუქტს ყიდულობს და რეალიზაციაში შედის ვერ ითვლის ამ შესყიდული პროდუქციის დღგ-ს, იქიდან გამომდინარე, რომ ის დღგ-დან გათავისუფლებულია. ეს ფაქტი ერთი მხრივ სტიმულია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი ძვირი არ იყოს და მეორე მხრივ უკურეაქცია აქვს იმ მხრივ, რომ მისი შესყიდვის დროს დღგ არ ითვლება. ამ შემთხვევაში ბიზნესოპერატორი უპირატესობას არა ქართულ, არამედ უცხოურ პროდუქტს ანიჭებს.

ამ საკითხზე ბიზნესომბუდსმენის აპარატთან მუშაობა მიმდინარეობს და ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ სამ საკითხზე მუშაობს. ეს ასევე შემოსავლების სამსახურის და ეკონომიკის ჯგუფის პრეროგატივაა. ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრთანაც იყო საუბარი. მივაღწიეთ იმას, რომ რეაგირება არსებობს და ყინული დაძრულია. ამის გადაწყვეტა რა ვადაში მოხდება, ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ მთავარია მსჯელობა მიმდინარეობს", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს აღემატება, პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოს მიმართოს. პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100 000 ლარს გადააჭარბებს.