30.ივნისი .2022 14:39

Wizz Air აგვისტოდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

Wizz Air აგვისტოდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით ფრენებს განაახლებს
views 677
უკან

1 აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობითვე, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.  

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - უნგრული ავიაკომპანია მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრულ ავიაკომპანიასთან, რომ ერთობლივად მოხდეს სწორი მიმართულებების ინდენტიფიცირება, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს. ამასთან, Wizz Air  გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.