მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ის გეგმები პოსტ-პანდემიურ პერიოდში-გიორგი მოლოდინაშვილის ინტერვიუ კომპანიის დირექტორთან

5fe04f0ca5202
გიორგი მოლოდინაშვილი
21.12.20 11:55
1183
უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, თუმცა პანდემიამ, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში თავისი გავლენა ავიასექტორზეც იქონია და კომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზა დროებით დახურა. როგორ აფასებენ კომპანია Wizz Air-ში საკუთარ პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე, რა გეგმები აქვს ავიაკომპანიას განვითარების კუთხით პოსტ-პანდემიურ პერიოდში, როგორც ოპერირებს კომპანია არსებულ ვითარებაში და როდისთვის უნდა ველოდოთ Wizz Air-ს საქართველოში დაბრუნებას - ამ და სხვა თემებზე ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადმა „საქმიანი დილის“ ავიაციის რუბრიკის წამყვანთან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში ისაუბრა.

- საქართველოს ბაზრიდან ავიაკომპანია Wizz Air-ის გასვლა დიდი განხილვის საგანი გახლდათ და გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია, რადგან ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს ავიაკომპანია ქართველების ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ სანამ საქართველოს საკითხს შევეხებოდეთ, მინდა ინტერვიუ უპრეცენდენტო კრიზისზე საუბრით დავიწყო და ამ პროცესისადმი ავიაკომპანია Wizz Air-ის პასუხს შევეხო. თქვენი ავიაკომპანია იყო ერთ - ერთი გამონაკლისი, თუ არა ერთადერთი კომპანია, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში განვითარება განაგრძო და ნორვეგიაში, იტალიასა და გერმანიაში ახალი ბაზები გახსნა. როგორ შეძელით თქვენ და თქვენმა გუდმა ასეთი პროცესის წარმართვა?

- ნამდვილად უპრეცენდენტო დროში ვიმყოფებით და ყოველი დღე მტკივნეულია, რამეთუ მთლიანად სფერო ძალიან დაზარალდა. არც ჩვენს გვაქვს იმუნიტეტი ამ სიტუაციაში. ყოველდღიურად იგივე სიძნელეებს ვაწყდებით და ფინანსურ ზარალს განვიცდით ამ წუთებშიც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია ისეთი ბიზნესისთვის როგორიც Wizz Air-ია დიდი შესაძლებლობის მომცემია. კრიზისული სიტუაციები ყოველთვის გამოარჩევს წაგებულ და მოგებულ მხარეებს და ვფიქრობ, ამ სიტუაციაში Wizz Air გამოვა როგორც ძლიერი ავიაკომპანია, ჩვენს წინაშე არსებული დიდი შესაძლებლობებით. ამ პერიოდში ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ ეს, რადგან შეუფერხებლად ვაგრძელდებდით ინვესტირებას სამომავლო განვითრებისთვის, მივიღეთ ახალი თვითმფრინავები, მოვახდინეთ ჩვენი ბაზრების დივესიფიკაცია ახალი ბაზების გახსნის გზით სხვადასხვა ქვეყნებში და საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ავიაკომპანიის ლიდერი პოზიციის გასაძლიერებლად. ყველა ეს ინვესტიცია მიმართული იყო იმისკენ, რომ პოსტ - პანდემურ სიტუაციას მივაღწიოთ. ამის ერთ - ერთი კარგი გამოძახილი საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობაა, სადაც ჩვენი ავიაკომპანიის აქციების ფასი მისი ღირებულების უმაღლეს ნიშნულთანაა ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები ჩვენს ავიაკომპანიას ამ კრიზისულ სიტუაციას თვალს ადევნებდნენ და აქციების ეს შეფასება პოზიტიური მოლოდინების შედეგია. ცხადია, პანდემია საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურ შრომას მოითხოვს, მაგრამ აქ მთავარი ძლიერი მომავლის ხედვის შენარჩუნება და სამომავლო განვითარებისთვის ინვესტირების გაგძელებაა.

- ამ რთულ პერიოდში პერიოდში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ბოლო წლებში აქტიური მოძრაობა დაიწყეთ დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ, რომლებიც ერთ - ერთი ყველაზე ძვირი, მძლავრი პროფესიული გაერთიანების და ამავე დროს დიდი პრობლემების მქონე ბაზრებია, მაგალითად, როგორიცაა „ბრექსითი“. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გადამეტებული რისკის მატარებელი ნაბიჯი იყო, რომელმაც Wizz Air-ის საოპერაციო ხარჯების კუთხით არსებული უპირატესობის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს?

- არა, ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, მცდარი მოსაზრებაა ის, რომ ევროპაში ხარჯები ზედმეტად მაღალია. თუ შევხედავთ ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯებს, აქ რამდენიმე კომპონენტია, მაგალითად, ადამიანური რესურსი, რომელიც დიახ, უფრო ძვირია დასავლეთ ევროპაში, მაგრამ თუ ჩვენი ავიაკომპანიის ბიზნეს მოდელს შეხედავთ, ჩვენი ეფექტურობა და ხარჯების კუთხით უპირატესობა ბევრ სხვა ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად, საჰაერო ხომალდის ტიპი და ის თუ რამდენად ეფექტურად ვახდენთ მათ ექსპლუატაციას, სააეროპორტო დანახარჯები, ავიაბილეთების გაყიდვის სისტემა და სხვა კომპონენტები. შესაბამისად, დასავლეთ ევროპაში მუშა ხელის სიძვირე მთლიანი ოპერირების სიძვირის განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნება. საკმაოდ დაბალანსებული მიდგომა გვაქვს. ცხადია, გარკვეულ მოცულობებს ვქმნით დასავლეთ ევროპაში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ საკმაოდ დიდ მოცულობებს ვქმნით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. შემიძლია რამდენიმე მაგალითი დავასახელო, ჩვენ ოპერირებას ვიწყებთ სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში, ახალი ლოკაციების ათვისებას ვიწყებთ პოლონეთში, რუმინეთში, ახლახანს შევედით ალბანეთსა და კვიპროსში. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ „ვიზ ეარ აბუდაბის“ გახსნას, რომელიც ჩვენი ახალი კომპანია იქნება ახლო აღმოსავლეთში და მოუთმენლად ველოდებით ამ ბაზარზე არსებული შესაძლებლობის გამოყენებას.

- ანუ ფიქრობთ, რომ თქვენი გაფართოება დასავლეთ ევროპის ბაზრებზე გავლენას არ იქონიებს Wizz Air-ის ტრადიციული კონცენტრირების არეალზე, რომელიც ყოველთვის იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარები?

ჩვენი ფოკუსი კვლავ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაა, რამეთუ ის იყო ჩვენი მთავარი გეოგრაფიული არეალი და ასე იქნება მომავალშიც. ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდით ახალი შესაძლებლობის გაჩენას, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთში ევროპაში. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაზრების დივესიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი ბაზარი შეიძლება დაიკეტოს მთავრობის შეზღუდვების გამო. რაც უფრო ბევრი ბაზარი გაქვს ათვისებული, მით უფრო მეტი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა გეძლევა. სწორედ ეს გაძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას, რომ ასეთი რთული სიტუაციებიდან გამოხვიდე. ასე, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მეტიც, მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ავიაკომპანიის განვითარებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფოკუსს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან გადავიტანთ. არა, იგი კვლავ რჩება ჩვენს მთავარ გეოგრაფიულ არეალად.

- მინდა, საქართველოს საკითხსაც შევეხოთ. თქვენი ხედვის, გამბედაობის და ცხადია ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, Wizz Air- ის პირველი რეისი ქუთაისის აეროპორტში 2012 წლის 27 სექტემბერს დაეშვა. მას შემდეგ Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების მხრივ ყველაზე მსხვილი საჰაერო გადამზიდავი გახდა, მაგრამ ჩვენ ასევე მოვესწარით თქვენი ავიაკომპანიის გასვლას ქართული ბაზრიდან. როდის შეიძლება ველოდოთ Wizz Air-ის საქართველოში ნამდვილ დაბრუნებას და უფრო მეტიც, როდის დაბრუნდება ბაზა ქუთაისის აეროპორტში?

- პირველ რიგში, ჩვენ სწორ ფაქტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. საქართველოდან არ გავსულვათ ჩვენი ნებით ან სურვილით, არამედ ჩვენმა ავიაკომპანიამ ბაზარი „ლოქდაუნის“ გამო და იმ შეზღუვების გამო დატოვა, რომელიც არამარტო საქართველოს მთავრობამ, არამედ სხვა მთავრობებმაც შემოიღეს. ყველაფერმა ამან ავიაკომპანიისთვის საქართველოს, როგორც სასურველი ბაზრის ჩაკეტვა გამოიწვია. სწორედ ამის გამოძახილი იყო ჩვენი გადაწყვეტილება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ჩვენს თანამშომელს, რომელიც საქართველოში გყვავდა, შევუნარჩუნეთ შრომითი ხელშეკრულებები და როგორც ადამიანური რესურსი, ასევე, თვითმფრინავები სხვა ლოკაციებზე გადავანაწილეთ. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ვრჩებით საქართველოს ერთგული და დავბრუნდებით მაშინვე, როგორც კი ბაზარი გაიხსნება. ვიმედოვნებ, ეს მომავალი წლის მარტი - აპრილის თვეში მოხდება. ცხადია, დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება და გონივრულობის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება, Wizz Air-ი დაბრუნდება და ქუთაისის აეროპორტში ბაზას გახსნის.

- ნამდვილად მოუთმენლად ველოდებით ამ მომენტს. მინდა, კიდევ უფრო ჩავუღრმავდე საქართველოს საკითხს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ღია ცის პოლიტიკის ნაწილი, გააჩნია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენგენის ზონასთან და ლიბერალური ბაზარი. თქვენი ავიაკომპანია საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება ამ ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ ფიქრობთ, რომ დროა „ვიზ ეარმა“ საქართველოში აიღოს ლიცენზია და ისარგებლოს ყველა ზემოხსენებული ბენეფიტებით, რომელიც მე ჩამოვთვალე?

- ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იდეაა, მაგრამ ამას Wizz Air-ის მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ, რათა დიდი სურათი დავინახოთ. საოპერაციო ხარჯების კუთხით არსებული ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი ოპერირების მოდელი და ახალი ლიცენზია დამატებითი კომპლექსურობის ფაქტორია. რაც უფრო მეტი სხვადასხვა ლიცენზია გაქვს, უფრო მეტად კომპლექსურს ხდი შენი ოპერირების მოდელს. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ლიცენზიების ოდენობა და ავიაკომპანიის ოპერირება ერთი ლიცენზიის ქვეშ განვახორციელოთ. ამის მიღწევა ევროკავშირში, ასოცირებულ და ღია ცის პოლიტიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს, რომ ზედმეტი კომპლექსურობა არ შევქმნათ და დამატებითი ლიცენზიების მიღების შედეგად ნაწილებად არ დავყოთ ავიაკომპანია, რაც ჩვენი დანახარჯების ეფექტურობაზე ფუნდამენტურად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს. ჩვენი მომხმარებელის ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ის, რომ მათ ჰქონდეთ ბაზარზე ყველაზე იაფი ავიაბილეთებით სარგებლობის საშუალება და ჩვენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ მარტივი და სტანდარტული ოპერირების მოდელით ვახერხებთ.

- აბუდაბის თემას შეეხეთ და მინდა გკითხოთ, თქვენს მოულოდნელ გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთისკენ, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე კონკურენტული და რეგულირებული ბაზარია. რა გახდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ახალი შვილობილი კომპანიის გახსნის ბიზნეს გადაწყვეტილების საფუძველი?

- თუ შევხედავთ აბუდაბის და მის გარშემო 7 საათის მანძილზე ფრენის არეალს, ჩვენ დავინახავთ, დაახლოებით, 5 მლრდ-იან ბაზარს, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ Wizz Air-ს შეუძლია საკმაოდ დიდი კონტრიბუცია განახორციელოს აბუდაბის ამბიციური ეკონიმკური გეგმისადმი, რომელიც Carbon Free ეკონომიკის შექმნას, ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის განვითრებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ავიაკომპანია საუკეთესოა, რომელიც ამ პროცესს შეუწყობს ხელს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ეს პროექტი აბუდაბის მთავრობის და ჩვენი ერთობილივი პროექტია. ორივე მხარისთვის ამ პროექტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა. ვფიქრობ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ხდება ამ ინიციატივის განხორციელება და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ წვდომა გვქონდეს 5 მილიარდიან ბაზართან. ამავე დროს, უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიხილავთ გარკვეული რეგულაციების შერბილებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობა, რომ არამარტო აბუდაბიში, არამედ ბაზების გახსნა და ოპერირების დაწყება სხვა ქვეყნებშიც მოხდეს, როგორც ამას „ვიზ ეარ უნგრეთი“ აკეთებდა.

- ნამდვილად ძალიან საინტერესო პროექტია. ფინანსური სირთულეების გამო, ბევრი რეორგანიზაციის და ბიზნეს კონცეფციის ცვლილებებს ვხედავთ განსაკუთრებით რეგულარული ავიაგადამზიდველების მხრიდან. ისინი ფოკუსირებას დამატებით შემოსავლებზე ახდენენ - დაიწყეს საჰაერო ხომალდის ბორტზე საკვების გაყიდვა, ადგილების შერჩევა და ბარგის ტრანსპორტირება გახდა ფასიანი და ა.შ. რას ფიქრობთ, დავიწროვდება თუ არა რეგულარულ და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის არსებული ზღვარი ახლო მომავალში?

- არა, ამის არანირი შესაძლებობა არ არსებობს. ამ სიტუაციაში არა დამატებითი შემოსავლის გაჩენის წყარო, არამედ საოპერაციო ხარჯების კომპონენტია მთავარი. თუ რეგულარული და ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის საოპერაციო ხარჯებს შევადარებთ, ისინი დღე და ღამესავით განსხვავდება. გაცილებით ეფექტური, კარგად ორანიზებული, კონცენტრირებული და ხარჯების კონტროლზე ორიენტირებული ბიზნესი ვართ. თუ რეგულარულ ავიაგადამზიდველებს შევხედავთ, მათ ძალიან მაღალი დანახარჯების მქონე ოპერირების მოდელი აქვთ. გარდა ამისა, ჩვენ უფრო ეფექტური ოპერირების მოდელი გვაქვს, რომელიც მხოლოდ პირდაპირ მიმართულებეზე მგზავრების გადაყვანას ითვალისწინებს, როდესაც ისინი ძირითადად ტრანზიტზე აკეთებენ აქცენტს. ჩვენ საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას დღეში საშუალოდ 13 საათი ვახდენთ, როდესაც რეგულარული გადამზიდველების საჰაერო ხომალდები დღეში 7-8 საათი დაფრინავენ. შესაბამისად, თუ აღნიშნული განსხვავებების შედეგად არსებულ ავიაკომპანიების ეკონომიკურ ეფექტურობას გავზომავთ, რეგულარული ავიაკომპანიები შემოსავლების და ავიაბილეთების ღირებულების მაჩვენებელი ახლოსაც კი ვერ მივა იმ მაჩვენებელთან, რომელიც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს გააჩნიათ.

- და ბოლოს, მინდა გკითხოთ, მომავალთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ უკვე შეიქმნა ვაქცინა და მალე შევალთ პოსტ-პანდემიურ პერიოდში. როგორ ხედავთ Wizz Air-ს პოსტ - პანდემიურ ეპოქაში?

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ვფიქრობ, Wizz Air-ი ამ სიტუაციიდან საკმაოდ ძლიერი გამოვა და ჩვენ ძლიერ ლიკვიდურობას შევინარჩუნებთ. საინტერესოა ის, რომ Wizz Air-ი მსოფლიოში ოთხი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც ინვესტირების შეფასების სპეციალური დონე აქვს და ეს მეტყველებს იმაზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ფინანსურ ბირჟებს ამ ავიაკომპანიის მიმართ.

ჩვენს ავიაკომპანიაში, კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც ფინანსურად ძალიან სუსტები არიან, ძალიან კარგი ფინანსური სიტუაცია გვაქვს. რამდენიმე მათგანი მთავრობის ფინანსურ შეღავათებზეა დამოკიდებული, ხოლო ბევრ მათგანს არ აქვს ამის შესაძლებლობა და ვფიქრობ, ბევრი ავიაკომპანია გაქრება, რამეთუ ამ სიტუაციიდან გამოსვლას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. ჩვენ ლიკვიდურობის კუთხით ძლიერად ვდგავართ. გვაქვს ფინანსური რესურსი არამარტო იმისთვის, რომ ინვესტიცია ავიაკომპანიის სამომავლო განვითარებისთვის განვახორციელოთ, არამედ იმისთვისაც, რომ როგორც კი პოსტ - პანდემიურ პერიოდში შევალთ ოპერირების სრული პროცესი სწრაფად აღვადგინოთ.

მესამე და მნიშვნელოვანი, სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ ამ რთულ პერიოდშიც კი ვაგრძელებდით ინვესტიციას უკეთესი მომავლის შესაქმნელად და ცხადია, ჩვენი ბიზნესი უფრო უკეთეს ფორმაში იქნება. ვიქნებით ძლიერი კონკურენტი და დაბალი საოპერაციო დანახარჯების მქონე ავიაკომპანია. თუ შევხედავთ ჩვენს კონკურენტებს, მათ ძალიან გაუჭირდებათ ფინანსური რესურსის მობილიზების კუთხით, იქნებიან ნაკლებად ლიკვიდურები, ოპერირებას განახორციელებენ გაცილებით მაღალი დანახარჯებით და ისინი გაცილებით პატარები იქნებიან, რადგან მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ. ვფიქრობ, პანდემიამ ინდუსტრიის მოთამაშეებს შორის განსხვავება გამოაჩინა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათ შორის Wizz Air-ი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.