მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლის ბოლოდან თბილისში არც ერთი გაუბედურებული მიკროავტობუსი არ იმოძრავებს“

60e6b93f581dc
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 12:42
570
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ წლის ბოლოდან თბილისში არც ერთი ძველი, გაუბედურებული მიკროავტობუსი არ იმოძრავებს.

მან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების განახლების პროგრამით 2021 წლის ბოლომდე დედაქალაქს 1 000 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება.

„ავტობუსების განახლების პროგრამა დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ხედავთ უკვე როგორ მრავლად არიან 8-, 10- და 12-მეტრიანი მწვანე ავტობუსები.

ასევე დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლებისა და ჩანაცვლების პროგრამა. პირველი 300 მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტმა შეიძინა და 1 ივლისისთვის კომპანიის მხრიდან ჩვენ მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვა დასრულდა. კომპანიამ ეს მიკროავტობუსები იმ ღირებულებით გამოისყიდა, რა ღირებულებითაც ჩვენ შევისყიდეთ და თავისი ვალდებულება შეასრულა. შესაბამისად, მიღებული თანხებით დამატებით მიკროავტობუსების შეძენას ვაპირებთ და კომპანიას აქვს ვალდებულება, დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინოს.

საერთო ჯამში, ახალი შესყიდვა 700 ავტობუსია, 300 ნაყიდი გვაქვს და ჯამში, 1 000 მიკროავტობუსი დედაქალაქის მოსახლეობას წლის ბოლოდან მოემსახურება. წლის ბოლოდან არც ერთი ყვითელი ძველი, გაუბედურებული მიკროავტობუსი არ იმოძრავებს, რომელიც ადამიანებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, თუნდაც კომფორტულობით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით... შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ჰაერის დაბინძურებაში, რომელიც ძალიან მაღალი იყო, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა: „ჩვენი დედაქალაქი იქნება მოწინავე სხვა ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისითაც“.