“საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს და სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს გაატარებს”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველო არ იყიდება და დესტაბილიზაციის უფლება არავის მიეცემა.
„დარწმუნებული ვარ, შესაბამის სამსახურს უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან ბევრი რამ ცხადიცაა. პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ, ქმედებებსაც ვაკვირდებოდით და ყოველთვის არის მცდელობა, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, არეულობა. ერთი რამ ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, რადგან დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ვინც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს, გაატარებს სხვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. არავის მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად. ჩვენი ქვეყანა არ იყიდება! ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, მის გარეთ თუ ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დასახელებული ადამიანები, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაფრის მკადრებლები არიან.
„მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების მისამართით, ვინც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. ცდილობენ, როგორმე გააუფერულონ აღნიშნული განცხადება და ისე მოგვევლინებიან ხოლმე, როგორ იკადრებენ და გაბედავენ ასეთ რამეს. ნეტა, ვინმემ რამე გაბედოს! ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. როდესაც ჩვენ ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ და გადავხედოთ მათ წარსულს: დავიწყოთ ადამიანებისა და ოჯახების გაუბედურებით; გავიხსენოთ რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორი რეკეტი მიდიოდა; ციხეებში პატიმრები გამოჰყავდათ და ამცირებდნენ, მიმდინარეობდა მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა; მანქანებზე „გადასკოჩილებს“ აუპატიურებდნენ; არ ვიცი, რამდენი უბედურება გავიხსენო. როდესაც ამ ყველაფერს კადრულობ და გამკეთებელი ხარ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელი ხარ. შენ რომ იყო ღირსეული ადამიანი და პოლიტიკოსი, ამას არ აკადრებდი არც შენ ქვეყანას და არც მის მოსახლეობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ მათი ყოფნა გადაწყვიტა.
„დღეს ისინი იმყოფებიან იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიუსაჯა და თუ ვინმე გაბედავს, ეს ეხება ყველას, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს, არეულობა და რევოლუციები მოაწყოს, ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა, მიზანი ხელისუფლების შეცვლაა - სუს-ი