მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt-ის კურიერები პირველ მარტს მორიგ აქციას აანონსებენ - "მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა"

63fb2fa41887e
მარიამ იზორია
26.02.23 15:01
959
მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტის“ პარტნიორი კურიერები პირველ მარტს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. პარტნიორი კურიერების ინფორმაციით, მოთხოვნები უცვლელი რჩება. უფრო კონკრეტულად, „ვოლტის“ კურიერები თითოეულ კილომეტზე თანხის 20 თეთრით მომატებას და საბაზისო თანხის 3.5 ლარამდე გაზრდას, „ვოლტის“ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან კოლექტიურ შეხვედრაზე დათანხმებას ითხოვენ.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, კურიერი გიორგი ტიკარაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან კოლექტიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა არ არის. მისივე განმარტებით, ხელმძღვანელობა მხოლოდ რამდენიმე კურიერთან კომუნიკაციით შემოიფარგლება, რაც ტიკარაძის აზრით, უშედეგოა.

„შეთავაზებაზე, რომ კოლექტიურად, რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად შეგვხვდნენ, არ მოგვყვებიან. გვთავაზობენ თავისას, რომ მხოლოდ რამდენიმე კაცი აიყვანონ და მათთან აწარმოონ მოლაპარაკება ეს გამოცდილი ხერხია, აქამდეც ასე აგვარებდნენ, შემდგომ ვიშლებოდით და ამ ყველაფერს შედეგი არ ჰქონდა.

საპროტესტო აქცია პირველ მარტს გაიმართება. მოთხოვნები უცვლელია. ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ჩართული. მათ შორის სახალხო დამცველის აპარატი, რომელთანაც რამდენიმე ქეისი გადაგზავნილი გვაქვს და კიდევ რამდენიმეს ვკრავთ.

აქამდე არ ყოფილა ასეთი მასშტაბის აქცია. აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა. არ დავნებდებით ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს “ - ამბობს გიორგი ტიკარაძე.

კითხვას - რა გავლენას ახდენს აქცია „ვოლტის“ ოპერირებაზე, პარტნიორი კურიერი ასე პასუხობს:

„კომპანიაში ამბობენ, რომ 7 000 კაცი ყავთ და შეუფერხებლად მუშაობენ - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რეზერვში შეიძლება 7000 კაცი ყავდეთ, მაგრამ მომუშავე კურიერები, ანუ კომპანიის „ხერხემალი“ რაც არის მაქსიმუმ 250 კაცი დარჩათ. დღის განმავლობაში კი დაახლოებით 500 კურიერის მუშაობაა აუცილებელი. ამიტომ 250 კურიერიც, რომ გაჩერდეს მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ექმნებათ, ამ დროს ხდება აპლიკაციის გათიშვა, ან რესტორნების და არეალის შეზღუდვა“ - განმარტავს „ვოლტის“ პარტნიორი კურიერი.

BM.GE-მ საკითხთან დაკავშირებით კომპანია Wolt კითხვებით მიმართა. მათ პოზიციას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.