მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ობიექტების ჩაკეტვას ვაპირებთ" - კურიერების პროტესტი გრძელდება

აქცია

დღეს, კურიერები სპორტის სასახლიდან პროკურატურამდე კურიერების მსვლელობას კიდევ ერთხელ მართავენ. ისინი უკვე რამდენიმე თვეა უცხოელების მასობრივად დასაქმებას და ტარიფების დაწევას აპროტესტებენ. მათი თქმით, თუ მოთხოვნა ამჯერადაც არ შესრულდა, პროტესტის ნიშნად, კურიერებს შეკვეთილი პროდუქტის ობიექტებიდან გატანის საშუალებას არ მისცემენ.

როგორც BM.GE-სთან კურიერმა, ბექა კობრიაშვილმა განაცხადა, კურიერებმა ამ დრომდე განცხადებები მიგრაციის სამსახურში, შრომის ინსპექციაში, ფინანსურ პოლიციაში, პარლამენტში და მთავრობის კანცელარიაშიც შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. ახლა კი, სხვადასხვა კომპანიის კურიერები განცხადების შეტანას პროკურატურაა და კონკურენციის სააგენტოში გეგმავენ.

„კომპანიებმა ტარიფები დასწიეს, ამდენი უცხოელი აიყვანეს და ქართველებს უმიზეზოდ ათავისუფლებენ. მათ ალბათ მობეზრდათ ქართველების პროტესტი, ხოლო უცხოელებზე იციან, რომ ისინი ხმას არ ამოიღებენ“, - თქვა კურიერმა.

კობრიაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში, კურიერები გამკაცრებული პროტესტის ფორმაზე გადავლენ.

„თუ ჩვენი მოთხოვნა და შეტანილი განცხადებები შედეგს არ გამოიღებს, გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ობიექტების ჩაკეტვას ვაპირებთ. ანუ ვაპირებთ, კურიერებს შეკვეთილი პროდუქტი ობიექტებიდან არ გავატანოთ და ხელს შევუშლით“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები