კურიერების და ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ტაქსის კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ, რისთვისაც "ბოლტის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
ამ დროისათვის, „ბოლტის“თანამშრომლებს და იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობას არ იღებენ, ერთ-ერთ რესტორანში აქვს წვეულება. ტაქსის მძღოლები „ბოლტის“ თანამშრომლებს ელოდებიან, რომ რესტორნიდან გამოვიდნენ და მათ კითხვებს პასუხს გასცენ.
„ეს ადამიანები არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს, არ ითვალისწინებენ იმ ყოველდღიურობას, რაც გვიჭირს. ამიტომ, ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ „ბოლტის“ წარმომადგენლობას გავესაუბროთ. ამასთან, მთავრობას მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ყურად მიიღოს ჩვენი მოთხოვნები. იმიტომ, რომ ჩვენი რეალური პრობლემა არის დასალაგებელი, ვინაიდან, დიდი რისკის ქვეშ ვდგავართ, რადგან მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და მომხმარებელს შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა. თუ ისინი არ გადადგამენ ნაბიჯს, ჩვენ უკიდურეს ზომებს მივიღებთ და არ გავხსნით გზებს, დავკეტავთ გზებს და იძულებულები გახდებიან ეს ადამიანები, რომ ჩვენთან კომუნიკაციაზე გამოვიდნენ. თუ არადა, ჩვენ შემდეგ დღეებში ვაინიცირებთ შემდეგ საკითხს, რომ გაჩერდება მთელი ქალაქი, მთელი მომსახურების სფერო“, - აცხადებს პროტესტის მონაწილე მძღოლი.