მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე: ქუთაისის აეროპორტი - საერთაშორისო ჰაბი, პარლამენტის შენობა კი საფონდო ბირჟა უნდა გახდეს

5e1edb3988aa0
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 13:33
1489
დღეს "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესახებ ლელოს პროგრამული ხედვა წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელოს" პროგრამა ქუთაისში ორ მნიშვნელოვან პროექტს ითვალისწინებს, მათგან პირველი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობაში საფონდო ბირჟის მოწყობას ითვალისწინებს, მეორე კი ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ახალი ჰაბის მოწყობაა. 

"ჩვენ ვთავაზობთ იმერეთში, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში მოეწყოს საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გადაიქცეს რეგიონალურ ჰაბად. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ტვირთები და არა მარტო მგზავრები. ამისათვის საჭიროა, ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზირება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიც არის ფედექსი, ამაზონი და სხვა’’, - განაცხადა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" თავად სახელმწიფო ვერ ითვისებს 345 მილიონ ლარს, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის არის გათვალისწინებული. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დღეს პოლიტიკური დაპირისპირების გამო არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სახელმწიფომ ააშენა უფუნქციოდ არის დარჩენილი. 

"ქუთაისის პარლამენტის შენობა, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა, დღეს ბაყაყების საბუდარად იქცა. პრეზიდენტის სასახლე 500 მილიონ ლარამდე დაჯდა და გაჩერებულია. ჩვენ ვიხდით ამ თანხებს მის შენახვაზე და პრაქტიკულად პარტახდება იქაურობა. შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც დასკვნა სწორი იყო ამის დაწყება თუ არა დღეს ჩვენ აღარ გვაინტერესებს, რადგან 8 წელი გავიდა და ვერ მივიღეთ პასუხი რა უნდა ეშველოს იმ თანხებს, რომლებიც ჩვენი ჯიბიდან იქნა ამოღებული და ჩადებული ამხელა ინფრასტრუქტურულ პროექტში. 8 წლის განმავლობაში ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ განახორციელა 345 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. როდესაც ანაკლიას უყენებენ პრეტენზიას ვადებთან დაკავშირებით, ვსვავ კითხვას - ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბიუჯეტში არსებული თანხა ვერ იქნა დახარჯული, არ შეიქმნა სამუშაო ადგილები და ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა - გზები, ხიდები, გვირაბები, რომლებიც 3,4, 5 წლის წინათ უნდა გაეკეთებინათ. რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ, როცა ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტული არსებობს და ამხელა ნაკადია ხელისუფლება, კი ამბობს, გავაკეთებ რკინიგზას და ვერ აკეთებს ეს უნიათობის და არაკომპეტენტურობის ნიშანია. ბოლოს, 100 მილიონ ლარამდე დაწყებული და გაპარტახებული დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის ძალიან პატარა ნუსხა იმ არაკომპეტენტურობის, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება იმყოფება’’,  -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ