მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე: ჩვენი სასამართლო სხდომები ყოველ მეორე დღეს დაინიშნა, რომ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობებში

5e16d7acc42c3
დავით ჯალაღონია
09.01.20 11:32
1140
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისის საქმეზე" ჩანიშნული სხდომების სიხშირე მისი პარტიული საქმიანობის ხელშეშლას ემსახურება.

"როგორც იცით, ჩვენი სხდომები სასამართლოში თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა გასაგები მოზეზის გამო, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ ჩვენი პარტიული აქტივობისთვის და მთელი დღეები სასამართლოში გავატაროთ და რეგიონში მოგზაურობის საშუალება არ მოგვეცეს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველ მოსვლაზე სასამართლოს წინ ჩვენი გეგმები და ის თეზისები გაგაცნოთ, რომელთა მიწოდებას საზოგადოებისთვის და ჩვენი მომხრეებისთვის ვაპირებთ, რომელთა რიცხვი ძალიან იზრდება და ამით არის შეშინებული მმართველი პარტია და მისი ხელმძღვანელი“, – განაცხადა ხაზარაძემ და ამასთან, მედიას რამდენიმე ეკონომიკური პარამეტრი გააცნო, რომელიც რეგიონში საქართველოს პოზიციებზე მიუთითებს.

“ჩვენს რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმატებები, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად იმყოფება საქართველო. 2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ მიმდინარე ფასებში 4 341 აშშ დოლარი იყო, როცა სომხეთის შემოსავალი იმავე წელს იყო $3 732. დაახლოებით $600–ით ვიყავით წინ. 2019 წელი რადიკალურად შეიცვალა და უკვე შარშანდელი მონაცემებით, საქართველო $250–ით ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში შიდა და საგარეო ვალი 2.5–ჯერ გაიზარდა და 22.5 მლრდ ლარს მიაღწია“, – აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ საქართველო რეგიონში ისევ ლიდერი გახდება მკაცრი და მიზანმიმართული რეფორმების ფონზე, რასაც „ლელო“ გეგმავს.