მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არაადეკვატურად იქნა აღქმული" - სეს-ის განმარტება

631056d7756f0
BM.GE
01.09.22 10:54
924
გარკვეული მედიასაშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება სრულიად არაადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული, რაც საზოგადოებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნული რეგლამენტის დამტკიცების მნიშვნელობაზე განმარტებას აკეთებს.

"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც შემდგომ უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა.

გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი.

გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/120/EC დირექტივის შესაბამისად მომზადებულია „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და ადგენს ღორების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ასევე 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს.

აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რაც ცხოველების დაცვის მოთხოვნებს შეეხება. რეგლამენტში განსაზღვრულია რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი და რა სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი თითოეული ხბოსთვის. რეგლამენტი ასევე მოიცავს ფერმერებისთვის განსაზღვრულ ვეტერინარიულ მოთხოვნებსაც. ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, ხბო განიმარტება როგორც 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი.