მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასების სუბსიდირება - მორიგი კანონპროექტი

5eecc03c5754c
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.20 17:36
5493
საქართველოს გადასახადის გადამხდელებს შესაძლოა კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირება დაევალოთ - ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი “ქართული ოცნების” წევრთა მიერ მომზადებულ კანონპროექტს მიიღებს. კანონპროექტს დღეს გამართულ განხილვაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის ავტორის სოფიო კილაძის განცხადებით, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან “ზრუნვის გამოხატულება” იქნება. კანონპროექტის სახელია “დასაქმების ხელშეწყობის შესახებ” და მისი ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები - სოფიო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში და დიმიტრი ხუნდაძე.

ხელფასების სუბსიდირება - რა მექანიზმის შემოღებას გეგმავენ “ოცნების” დეპუტატები:

კანონპროექტის მიხედვით, ხელფასის სუბსიდირება შეეხებათ მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის პირებს, მათ შორის შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, დევნილის სტატუსის მქონე პირებს.

კომპანიები, რომლებიც ამ პირებს საკუთარ შტატში აიყვანენ და დაასაქმებენ, ამ პირების ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას მიიღებენ, რასაც დამატებით დასაქმებულს გადაუხდიან.

კანონპროექტის მიხედვით:

დასაქმება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით წარმოადგენს დამსაქმებლისათვის მატერიალურ სარგებელს იმ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით, რომელიც არის:

ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი;
ბ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი;
გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები;
დ) სხვა პირები, რომელსაც მთავრობა ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით.

დამსაქმებელს შეუძლია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უმუშევრების დასაქმების მიზნით, მიმართოს სააგენტოს შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს სთავაზობს შრომით ხელშეკრულების გაფორმებას განუსაზღვრელი ან არანაკლებ 6 თვის ვადით.

სუბსიდიის გადახდის მიზნით, სააგენტო აფორმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირთან ხელშეკრულებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (ან პირობებს):

ა) სუბსიდირებული პირის მონაცემებს;
ბ) სუბსიდიის გადახდის ვადას;
გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას;
დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს;
ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას.

შრომის ანაზღაურების სუბსიდია წარმოადგენს ერთ კალენდარულ თვეში დასაქმებულის შრომის ანაზრაურების 50%–ით დაფინანსებას.

შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს სუბსიდია მიეცემათ არაუმეტეს 3 თვისა.

დამსაქმებელი ვალდებულია, დააბრუნოს სუბსიდიის ნახევარი თუკი შრომითი ურთიერთობა შეწყდება შრომით ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეზე ნაკლებ პერიოდში დამსაქმებლის ინიციატივით, შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე.

სუბსიდიის გაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონდებლობითა და მთავრობის დადგენილებით.