მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოსთვის ჩამოეშორებინა"

5d98598c9111b
BM.GE
05.10.19 16:00
1254

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-ით კლებას აფასებს. როგორც ის ამბობს, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოსთვის ჩამოეშორებინა, კონკრეტულად კი ის პარტია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას ხედავს.

“მან(ივანიშვილმა) უამრავი საერთაშორისო ინვესტორი დაბლოკა, რადგან არ დაეხმარა მათ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც მათ აქვთ. ასევე უამრავ ინვესტორს შეუქმნეს პრობლემები. საქართველომ დაკარგა მისი საინვესტიციო მიმზიდველობა.

თუ მეორე კვარტლის მონაცემებს შეხედავთ, როცა 187 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, დავინახავთ, რომ ისინი რეალურად არ არიან უცხოელი ინვესტორები. მათი უმრავლესობა არის ქართული კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან საზღვრებს გარეთ. ასე რომ, ეს არის ქართული ფული საზღვრებს გარეთ, რომელიც ისევ ქვეყანაში შემოედინება” - აცხადებს ფადი ასლი.

შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ $187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53.7%-ით ნაკლებია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. ცალკეული მიმართულებების მიხედვით არსებული ვითარება ასეთია:

ენერგეტიკა - $63.7 მილიონი, კლება წინა წელთან 37%;
მშენებლობა - $4.2 მილიონი, კლება წინა წელთან 91%;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $19.8 მილიონი, კლება წინა წელთან 73%;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $15.4 მილიონი, კლება წინა წელთან 7%;
უძრავი ქონება - $22.8 მილიონი, კლება წინა წელთან 63%;

ზრდა შეიმჩნევა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შემცირება ასეთია:

აზერბაიჯანი - $19.5 მილიონი, კლება წინა წელთან 80%;
ნიდერლანდები - $58.1 მილიონი, კლება წინა წელთან 23%;
თურქეთი - $36 მილიონი, კლება წინა წელთან 8%;
ჩეხეთი - $14.8 მილიონი, კლება წინა წელთან 81%;

საქსტატის განმარტებით, შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა.