მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში მარცვლეულის რეგულირების მექანიზმები ამოქმედდა

602f7e5fca431
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 13:01
863
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსთვის მარცვლეულის მთავარ იმპორტიორად რუსეთი რჩება. საქსტატის თანახმად, 2020 წელს 9 ქვეყანიდან 490 944 ტონა ხორბლის და მესლინის შესყიდვისთვის 107.9 მლნ დოლარი გავიდა; ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია (2019 წელი 513 725 ტონა, 108.9 მლნ დოლარი), თუმცა  იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს, საიდანაც გასულ წელს 15.6%-ით მეტი საქონელი ვიყიდეთ, ვიდრე - 2019-ში.

ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული რეგულაციები, ქვეყანაში მარცვლეულის დეფიციტს არ შექმნის, რადგან არსებობს ალტერნატიული ბაზრებიც, რომელსაც ბიზნესოპერატორები მხოლოდ იმიტომ არ მიმართავდნენ, რომ რუსული ხორბლის ფასი უფრო ხელსაყრელი იყო. ალტერნატიულ ბაზრებზე ხორბლის ღირებულება ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

2020 წელს კი, საქართველოში მარცვლეულის იმპორტი 9 ქვეყნიდან განხორციელდა:

1. რუსეთი - 107.3 მლნ დოლარი, 488 279,33 ტონა;
2. აშშ - 475.0 ათასი დოლარი, 2 500.00 ტონა;
3. თურქეთი - 84,5 ათასი დოლარი, 55.0 ტონა;
4. უკრაინა - 11.9 ათასი დოლარი, 48.1 ტონა;
5. ავსტრია - 40.7 ათასი დოლარი, 38.6 ტონა;
6. საბერძნეთი - 14.6 ათასი დოლარი, 22.5 ტონა;
7. საფრანგეთი - 0.51 ათასი დოლარი, 0.65 ტონა;
8. დანია - 0.79 ათასი დოლარი, 0.30 ტონა;
9. გერმანია - 0.59 ათასი დოლარი, 0.29 ტონა.

როგორც ცნობილია, პანდემიის პერიოდში რუსეთმა ადგილობრივ ბაზარზე პურ-ფუნთუშეულზე ფასების შემცირების მიზნით მარცვლეულ კულტურებზე კვოტირებისა და საბაჟო გადასახადის მექანიზმების ამოქმედება გადაწყვიტა. რუსული გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მთავრობის ეს ქმედება ბოლშევიკური სახელმწიფო რეგულირების მექანიზმს უფრო ჰგავს, რომელსაც ეროვნული ბაზრის დაზიანება შეუძლია.

კერძოდ, რუსეთის მთავრობა მარცვლეულზე 2 სახის რეგულირების მექანიზმს აწესებს -  15 თებერვლიდან უკვე ამოქმედდა და 2021 წლის 30 ივნისამდე ძალაში იქნება ხორბლის, ჭვავისა, სიმინდისა და ქერის ექსპორტის მოცულობების კვოტირება, რაც 17.5 მლნ ტონით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ მექანიზმი არ მოქმედებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე.

კვოტირებული მოცულობების გადამეტების შემთხვევაში იმოქმედებს გადასახადი, რომელიც საბაჟო ღირებულების 50%-ს შეადგენს, მაგრამ ის 1 ტონაზე 100 ევროზე მეტი არ იქნება.

გარდა ამისა, ძალაში შევიდა, ასევე, ხორბლის მწარმოებლებისთვის ხორბლის ექსპორტირებისას განსაზღვრული საბაჟო გადასახადი, რომელიც 1 ტონაზე 25 ევროს შეადგენს, ხოლო 1 მარტიდან ის 50 ევრომდე გაიზრდება.

15 მარტიდან საბაჟო გადასახადი სიმინდის ექსპორტის შემთხვევა 25 ევროთი განისაზღვრება, ხოლო ქერის შემთხვევაში 10 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჭვავზე გადასახადი არ წესდება, რამდენადაც მისი ექსპორტირება რუსეთიდან თითქმის არ ხდება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის რეგულირებას არც პირველი ივნისის შემდეგ შეწყვეტს. ხელისუფლებაში შეიმუშავეს მექანიზმი, რომელიც მცურავ საბაჟო გადასახადს გულისხმობს და 2 ივნისიდან ამოქმედდება.

მცურავი საბაჟო გადასახადის ფორმირება ფასის მიხედვით მოხდება და ხორბლის შემთხვევაში - 1 ტონაზე 200 დოლარს, ხოლო სიმინდის და ქერის შემთხვევაში ტონაზე 185 დოლარს შეადგენს.