მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში ₾85 000-ის ინვესტიციით ახალი ობიექტი „ყაზბეგი გლემფინგი“ ამოქმედდა

62f3c6f5245c5
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.22 09:50
3937
ყაზბეგში 85 000 ლარის ინვესტიციით ახალი განთავსების ობიექტი „ყაზბეგი გლემფინგი“ ამოქმედდა.

BM.GE-ისთან საუბრისას ობიექტის მფლობელი გიორგი ფეხმაშვილი აღნიშნავს, რომ 2 გამორჩეული დიზაინის კოტეჯისგან, იგივე Glampong Pods-ებისგან შემდგარ სივრცეს ჯამში 8 ადამიანის მიღება შეუძლია. კოტეჯებში სტუმრებს მცირე სამზარეულო, ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი, კეთილმოწყობილი სველი წერტილები და დასვენებისთვის შექმნილი მყუდრო გარემო დახვდებათ. სურვილის შემთხვევაში დამსვენებლებს მიტანის სერვისი ემსახურებათ. კოტეჯში მისვლისას კი დამსვენებლები Check In-ისა და Check Out-ის დისტანციური მომსახურების მიღებას შეძლებენ. გლემფინგში განთავსების ღირებულება 280 ლარია, რაც Booking-ის გადასახადსაც მოიცავს.



ყაზბეგი გლემფინგის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მათთვის ეს პროექტი სტუმარმასპინძლობის სფეროში პირველი არ არის.

„ახალი ობიექტიდან რამდენიმე მეტრში კიდევ ერთ განთავსების ობიექტს ვმართავთ და გვინდოდა, რომ გლემფინგით სტუმრებისთვის განსხვავებული და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა. ამ იდეის განხორციელებაში ტურისტების მხრიდან არსებულმა მოთხოვნამაც შეგვიწყო ხელი“, - ამბობს ობიექტის მფლობელი.



„ყაზბეგი გლემფინგმა“ სტუმრების მიღება 9 აგვისტოდან დაიწყო და როგორც ახლადგახსნილი ობიექტის მფლობელი ამბობს, ორივე კოტეჯი აგვისტოს ბოლომდე სრულად დაჯავშნილია.

„ძირითადი მოთხოვნა ჩვენთან დარჩენაზე საუდის არაბეთიდან, ტაილანდიდან, ევროპიდან, უკრაინიდან, ქართველებიდან და რუსებიდან მოდის, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში მათი მიღება მხოლოდ სპეციალური კითხვარის გავლის შემდეგ ხდება. მთავარი კითხვაა ეთანხმებიან თუ არა იმას, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როგორ აფასებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ამის გამო რუსების მხრიდან ჯავშნის გაუქმების შემთხვევაც გვქონდა“, - აღნიშნავს გიორგი ფეხმაშვილი.

„ყაზბეგი გლემფინგის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ განთავსების ობიექტი სულ რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა, მათ ჯავშნები სექტემბრის თვეზეც აქვთ.




ფოტოები: Shermazana

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები