მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში ჩარჩენილი ტურისტები მირეკავენ... კობი-გუდაურის საბაგირო არ ტრიალებს? - ვატო ასათაშვილი

61c2e22206a05
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 12:37
2580
ტურისტული კომპანია "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელ ვატო ასათაშვილის ინფორმაციით, ყაზბეგში ჩარჩენილები არიან ტურისტები, რომლებიც მას ვერტმფრენით გადმოყვანას სთხოვენ. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ინტერესდება, რატომ არ მუშაობს კობი-გუდაურის საბაგირო და შესაბამის უწყებებს ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

„უკვე მესამე დღეა ყაზბეგიდან მირეკავენ ჩარჩენილი ტურისტები, რუსები, ევროპელები, ახლა აზიელების ჯგუფის წევრმა დამირეკა. გვთხოვენ იქნებ ვერტმფრენით გადმოვიყვანოთ უღელტეხილზე.

მოგეხსენებათ, სამთო რეგიონებში ცუდი მხედველობის გამო, ვერტმფრენები ვერ დაფრინავენ, ჰოდა, ერთი ასეთი კითხვა მაქვს (ბევრი იტყვის რომ ინტრიგანი ვარ, მაგრამ ჯანდაბას):

ეს კობი-გუდაურის საბაგიროზე რა ხდება, ვერ ტრიალებს?

ზვავსაწინააღმდეგო სისტემაზე რა ხდება, დისტანციურად ღილაკს ხელს დავაჭერთ და ზვავებს ჩამოვყრითო, ღილაკი არ მუშაობს?

რაღაცა ქენით, განცხადება გააკეთეთ, პოსტი დადეთ, ვიდეო გვაჩვენეთ ვიღაცა ნიჩბით მაინც ასუფთავებდეს პარკინგიდან საბაგიროებამდე მისასვლელ ბილიკს.

გუდაურიდან ხომ დაიდო ღამის ვიდეო როგორ მუშაობენ კეზბორერები, ვნახეთ, მოგვეწონა, იმედი გაჩნდა...

ბოლოს აზიელმა რომ დამირეკა, მკითხა, პოლიციაში რომ მივიდე, რამე ინფორმაციას მომცემენო. არა, მაგ ხალხს ნუ შეაწუხებ-მეთქი, კობში მიდი საბაგიროსთან, დიდ მუხლუხებიან მანქანებს თუ დაინახავ, ესე იგი გზა იწმინდება, თუ ქარბუქი და "ბუნგალი" ტრიალებს, ჯავშანი გადააგრძელე და ერთი-ორი დღე კიდევ აბირჟავე ყაზბეგში, ეგ არის და ეგ. ჰოდა, დადეთ რამე ვიდეო, ან პოსტი, ან განცხადება...“, - წერს ვატო ასათაშვილი.

პოსტის ნახვის შემდეგ BM.GE მთის კურორტების განვითარების კომპანიას და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა, სადაც განმარტავენ: „კობი-გუდაურის საბაგიროს ჩართვა უამინდობის, კონკრეტულად კი ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. საბაგირო ქარის ჩადგომისთანავე ამოქმედდება“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ: „გზის გამწმენდი ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა უწყება გარემოს ეროვნული სააგენტოდან ველით დასტურს გზის გაწმენდის შესახებ. სანამ ზვავსაშიშროება არ მოიხსნება, გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ მოხერხდება“.

BM.GE-მ კითხვებით გარემოს დაცვის სააგენტოსაც მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები