მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყინული დაძრულია“ - შოთა ბურჯანაძე რესტორნების ნაწილობრივ გახსნაზე

601bd1a2a558d
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 15:50
1238
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე 15 თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეების გახსნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სექტორი ამას არ ელოდა.
რესტორატორი აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის, რასაც სექტორი ითხოვდა, მაგრამ მთავრობასთან კონსულტაციები გაგრძელდება და კერძო სექტორი მიზანს მიაღწევს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება რომელიც პრემიერმა გააჟღერა, რა თქმა უნდა, მისაღებია და ყინული დაძრულია. იმ ურთულეს სიტუაციაში, რომელშიც დღეს ბიზნესია ეს არის შვება, პირველ რიგში მისასალმებელია ტრანსპორტის გახსნა.

ეს არ არის ის გამოსავალი, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ ზოგიერთი ოპერატორისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ არ ველოდით. შემდგომი ნაბიჯებისთვის კონსულტაციებს გავაგრძელებთ. დღესაც გვაქვს ჩანიშნული შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში და მოლაპარაკების შედეგად მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორი ვერ აკონკრეტებს, განაახლებენ თუ არა შაბათს რესტორნები მუშაობას თვითნებურად და ამბობს: „საორგანიზაციო ჯგუფი ჯერ არ შეკრებილა. შეხვედრა საღამოს შედგება და განვაცხადებთ ამ გადაწყვეტილებასაც“.

შეგახსენებთ, რომ 200-მდე რესტორანს 6 თებერვალს დაანონსებული ჰქონდა თვითნებურად ობიექტების გახსნა. ისინი აპროტესტებდნენ, რომ მთავრობა მათ გახსნის შესაძლებლობას არ აძლევდა.