მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი მინისტრი: ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მზე, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს

5de9259d7f747
BM.GE
05.12.19 20:40
3909
ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მზე, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ეს სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს და გახდეს ამ სისტემის ლიდერი, ოღონდ ეს არ გულისხმმობს იმას, რომ ის უნდა იყოს მბრძანებელი, - ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ მთავრობის 520-ე დადგენილების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროსთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სერიოზული პრეტენზია აქვთ, რაც სწორია.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ბრძანება, რომელიც გამოდის სამინისტროში, უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან, და უნდა არსებობდეს კომუნიკაცია. ამ გადაწყვეტილებაში მათი მონაწილეობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები გამოვრიცხოთ. დაფინანსების ასეთი გაუაზრებელი შემცირება, საფრთხის ქვეშ აყენებს თვით ამ დარგის განვითარებას, ეს ექიმებმაც აღნიშნეს და პირველ რიგში საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტების ჯანმრთელობას“, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა არის სწორი გზა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკა ვერ ახერხებს დაპირებების დაფინანსებას, და სადაც საჭიროა ყოველთვის ამ ხარჯების პრიორიტეტიზაცია და იმ პოლიტიკური პრიორიტეტების შერჩევა, რომელიც შესაფერისია ეკონომიკასა და გადახდისუნარიანობასთან.

„გარდა ამ პრობლემებისა, რომელიც ამ მიზნების სწორად ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული, მეორე პრობლემა, რაც ამ პროგრამას ყოველთვის ჰქონდა, ეს არის ხარჯების კონტროლი და ამ პროგრამის მართვის ხარისხი. ამას ყველა აღნიშნავდა და სასურველია, რომ ამას სერიოზული ყურადღება მიექცეს.

ეს დადგენილებაც სწორედ ამის გამოძახილია, რომ ვერ მოხერხდა ამ პროგრამის საკმარისად ხარისხიანად მართვა. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში იყო ძალიან სწორი სურვილი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველას თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო საკმარისი ის მმართველობითი რესურსი, ხარისხი მმართველობის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა. ეს მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის პრობლემა. ეს ბევრ ქვეყანაშია, რომელიც ვითარდება, სახელმწიფო სამსახურები ხშირად არ არიან მზად ახალ გარემოში იმუშავონ, იმიტომ რომ ამ ახალ გარემოში ახალი ტიპის მმართველობაა საჭირო. შეუძლებელია მართვა ცალმხრივი ბრძანებებით, მე ამას გიბრძანებ და შენ გააკეთე. თანამედროვე მართვა გულისხმობს მონაწილეობას, კომუნიკაციას, გამჭვირვალობას გადაწყვეტილებების მიღებაში, გულისხმობს თანამშრომლობას, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო სექტორთან. დღევანდელ ჯანდაცვის სისტემებში, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მზე, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ეს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს და გახდეს ამ სისტემის ლიდერი, ოღონდ ეს არ გულისხმმობს იმას, რომ ის უნდა იყოს მბრძანებელი“, - განაცხადა ურუშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის თანამშრომლობა:

„არ შეიძლება იზოლაცია ექიმებისგან, სამედიცინო საზოგადოებებისგან, ექსპერტებისგან, არასამთავრობო სექტორისგან. ეს სამინისტროს დაასუსტებს და ჩვენს სისტემას უარყოფით შედეგებს მოუტანს და პირველ რიგში, ეს აისახება პაციენტებზე და მომსახურების ხარისხზე“.