მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი მოგვარებული იქნება უმაღლეს დონეზე - ღარიბაშვილი ვაშლის სუბსიდირებაზე

630c9541e9519
მარიამ ვარადაშვილი
29.08.22 15:00
616
მთავრობა ვაშლის ჩაბარების პროცესს წელსაც დაასუბსიდირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ვაშლის მიღების პროცესში 20-მდე საწარმო იქნება ჩართული, ასევე, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბიც.

“წელს ველოდებით 120 ათას ტონა ვაშლს. წინა წლებშიც იყო ვაშლის სუბსიდირება და წელსაც ასე იქნება. გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ვაშლის მოყვანას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რათა არცერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ყველაფერი მოგვარებული იქნება უმაღლეს დონეზე”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

ამას გარდა, პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ქვეკომპონენტში.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, ნაცვლად წლიური 8% პროცენტისა სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%- ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად 9 თვის განმავლობაში.

ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 9 თეთრს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით.