მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია: "ამერიკული კალათბურთის დონისგან ძალიან შორს ვართ და გული მწყდება"

62dd82ae603bd
თამთა ჯიჯავაძე
25.07.22 09:45
986
კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მოსაზრებით, კალათბურთი საკმაოდ წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში. როგორც მან გადაცემა „ბარში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამის დასტურია ისიც, რომ NBA-ში არაერთ ქართველს უთამაშია.

„საქართველოში ვამჩნევ, რომ კალათბურთი გვიყვარს, თაობებიდან მოდის და ჩვენი სპორტია. საკმაოდ წარმატებულიცაა, ვინაიდან ამ პატარა ქვეყნიდან NBA-ში შვიდი მოთამაშე, საკმაოდ დიდი რიცხვია. დღესდღეობით ორი გვყავს და რაც მახსოვს სეზონზე ერთდროულად ყველაზე მეტი - სამი ვყოფილვართ. ამით იმის თქმა მინდა, რომ კალათბურთი საკმაოდ წარმატებული სპორტის სახეობაა. მშობელი ამას რომ ხედავს, შვილი კალათბურთზე მიჰყავს“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ, თუმცა ყურადღება პრობლემებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დონით ქართული კალათბურთის ამერიკულთან შედარება რთულია.

„ძალიან შორს ვართ და გული მწყდება ამაზე. არ მინდა ამაზე ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ მინდა რომ იმ დონემდე მივიდეთ. ჩემი გადმოსახედიდან გასათვალისწინებელია, რომ კალათბურთის ვარჯიშების 90-95% არის ერთი და იგივე აქაც და იქაც. სხვაობა არის პატარა დეტალებში. ისინი [ამერიკელები] ამ პატარა დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ყველანაირ დეტალს გასწავლიან - ხელის, ფეხის თითოეული კუნთის დონეზე. ამასთან, დღეს ინტერნეტში ყველაფერია. Youtube-ში რომ ჩაწერო, ყველანაირ რჩევას ნახავ. ჩვენ მივყვებით დინებას, დინებას ვერ გაჰყვები დღეს, საშუალო განათლების დღეს ვერ იქნები“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. მისივე თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი ცვლილება შემოიტანა, შესაძლებლობები გაიზარდა, ამიტომაც წარმატების მისაღწევად ძალიან მონდომებული უნდა იყო.

„ბევრი უნდა იშრომო, თუ გინდა, რომ საუკეთესოების დონემდე მიხვიდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას“, - დასძინა მან.



შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, Golden State Warriors-ის სპორტული განვითარების მიმართულებას შეუერთდა. 2019 წელს, 16 წლიანი საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ქართველი კალათბურთელი გუნდში ბიზნესისა და კალათბურთის ოპერაციების მიმართულებების კონსულტანტად დაინიშნა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს 2017 და 2018 წლებში Golden State Warriors-ის მაისურით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის გათამაშება ორჯერ აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით არც ერთ სხვა ქართველ კალათბურთელს მსგავსი უმაღლესი რანგის ტიტული არასდროს მოუპოვებია. ქართველმა ცენტრმა კი ეს ორჯერ შეძლო.