მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ჭიაბერაშვილი: კლინიკების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 300 მლნ ლარს აღემატება

5e1f29915002f
დავით ჯალაღონია
15.01.20 20:00
1196
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

როგორც მან BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ეს დავალიანება, მისი ინფორმაციით, 300 მილიონ ლარს აღემატება.

"დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს და წლის ბოლოს გადარიცხული რამდენიმე მილიონი, არსებითად ამ სურათში არაფერს ცვლის, რადგან პრაქტიკულად 2019 წლის ბოლო ექვსი თვის თანხა რჩება ის, რაც სამინისტროს გასტუმრებული არ აქვს, ანუ რაც ახლა ირიცხება, ეს 2019 წლის ივლისის თანხაა.

ამ დავალიანების დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდანვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო და 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა და "ქართული ოცნება" და დავით სერგეენკო თვლიდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და ამ ფულს ავტომატურად დახარჯავდნენ.

სწორედ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მათ შორის ჯანდაცვის არასწორი ფინანსირების გამო, მათ ისე დააქვეითეს ეკონომიკური ზრდა, რომ საბოლოო ჯამში, საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ" შემოიღო და თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი - აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა - კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან და ფინანსური ანგარიშსწორება და რისკი გადადის სადაზღვევო კომპანიებზე და სახელმწიფო დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს კლინიკების დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს.

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა 25,154,789 ლარს შეადგენს. უცნობია ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს შარშან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.