მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილი ყულევისა და ფოთის ტერმინალებს ეწვია

62fe47f24f641
მარიამ ვარადაშვილი
18.08.22 18:11
1101
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური (PACE GROUP), კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminal) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი - ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ზურაბიშვილი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.

როგორც “პეის ჯგუფის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე აცხადებს, პრეზიდენტი მოხარულია ქართულ-ამერიკული პროექტის მჭიდრო ვადებში განხორციელებით და მხარს უჭერს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის სრულ ოპერირებაში შესვლას.

"მსურს სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, ამ რთულ რეგიონულ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას მოაწყდა ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთი. სწორედ ჩვენს ნავსადგურში ხდება ტვირთების საგემო პარტიებად დაგროვება. პირველ გემს უახლოეს მომავალში მივიღებთ, რათა ეს ტვირთები დაიტვირთოს და გავიდეს ევროპისა და ამერიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, შეიქმნა პრობლემები, გამომდინარე იქედან, რომ გემები ჯერ ვერ შემოდიან, ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა კიდევ საჭირო," -აღნიშნა იოსებ დოლიძემ.

"ეიპიემ ტერმინალ ფოთის" ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი აცხადებს, რომ იგეგმება საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის დაწყება, პრეზიდენტის ვიზიტი კი, კიდევ უფრო გაზრდის ამ პროექტის მნიშვნელობას.

"საწყის ეტაპზე შეიქმნება 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი და ტალღების დამხშობი. მეორე ეტაპზე იქნება დამატებითი ნავმისადგომები და ინფრასტრუქტურა საქართველოში დიდი ხანია არის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება, რაც უფრო დიდ გემებს და სატვირთოებს ნავსადგურზე შესვლის საშუალებას მისცემს, ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს, გაზრდის შესაძლებლობებს და განავითარებს ფოთს“,- განაცხადა მეთიუ რანტანენიმ.