მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას?

648b0b7ec03fc
ანუკა ჯოხაძე
16.06.23 00:05
718
საქართველოს პარლამენტმა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა ქვეყანაში ელექტრონული კომერციის წილი საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება. კონკრეტული ფაქტორების გამო ელექტრონული პლატფორმების გამოყენება კერძო სექტორს უჭირს, შესაბამისად, მომხმარებლების მხრიდანაც მათ მიმართ ნდობა ისევ დაბალია. usaid-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით iset-ის კვლევითმა ცენტრმა რეფორმის მიმდინარეობა შეაფასა.

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-მ გააკეთა. როგორც კომპანიის კონსულტანტი ემა თოდუა ამბობს, საქართველოში ელექტრონულ კომერციას იმაზე დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე ამას ქვეყანა დღეს იყენებს. მისი თქმით, ელექტრონული ვაჭრობის წილი საქართველოში საშუალო ევროპულისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

“ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ რეალურად საქართველოში ელექტრონულ კომერციას უფრო მეტი პოტენციალი აქვს ვიდრე ამას ვიყენებთ და ამის მთავარი მიზეზი მომხმარებლის მხრიდან ნდობის ნაკლებობაა. რეალურად იმაზე მეტი ადამიანი იყენებს ელექტრონულ პლატფორმებს ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაცნობად ვიდრე ისინი შესყიდვას ახორციელებენ.

ჩვენ ამ მიმართულებით ევროკავშირის მაჩვენებელზე ბევრად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ხოლო ხარჯთსარგებლიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ მას შემდეგ რაც ამ კანონის მიღება მოხდება, ადამიანების ნდობა გაიზრდება. გაიზრდება ასევე კერძო და სექტორის სარგებელიც,”- ამბობს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-ს კონსულტანტი ემა თოდუა.

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება საქართველოს საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებლის მისაღწევად, იმ შემთხვევაში თუ კანონის აღსრულება მოხდება? ემა თოდუა ასე გვპასუხობს: “ამ დროისთვის ელექტრონული კომერციის მაჩვენებელი ქვეყანაში არის 1.1%, ევროკავშირში კი საშუალო მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის მსგავსს ქვეყნებში არის 12%. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონულ კომერციაში დარეგულირდება მდგომარეობა გვაქვს საშუალება ამ მაჩვენებელს 10 წელიწადში მივუახლოვდეთ".

ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა კი თვლის, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის კანონის მიღება მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მისი თქმით, აუცილებელია ონლაინ პლატფორმების გამოყენება აქტიურად დაიწყოს როგორც ბიზნესმა ისე თავად მომხმარებლებმა, რომლებსაც მაღალი ნდობა ელექტრონული კომერციის მიმართ ჯერ კიდევ არ აქვთ.

“გამოწვევა ის არის, რომ მარტო კანონის მიღება ჩვენს ყოფას არ შველის ხოლმე როგორც წესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაიზარდოს გაიზარდოს ერთი მხრივ კერძო სექტორის მხრიდან ელექტრონული კომერციის გამოყენება და მეორე მხრივ გაიზარდოს მომხმარებლების მხრიდან ნდობა ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჯერ-ჯერობით კვლავ ძალიან ცოტაა იმ ბიზნესების წილი, რომლებიც ონლაინ ყიდიან პროდუქციას, 4%-ის ფარგლებში მერყეობს. მართალია მზარდია, მაგრამ კვლავ დაბალ ნიშნულზეა, დაახლოებით 24%-ია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ონლაინ ყიდულობენ,”-ამბობს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში არსებული საწარმოების მხოლოდ 2.9% ახორციელებს გაყიდვებს ვებ-საიტით, 96,2%-ი კი ონლაინ გაყიდვებში ჩართული საერთოდ არ არის. ამასთან, 2022 წლის მონაცემებით შესყიდვებს ონლაინ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 24% ახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები