„რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში საპროტესტო აქცია 23 მაისს გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, 23 მაისამდე საპროტესტო აქციები გაგრძელდება და პარალელურად, თბილისის აქციისთვის მოემზადებიან.
„დღეს, 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება აქციები. რაც შეეხება ჩვენი აქციების თბილისში გადატანას, ახლა ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან მოდის ვნების კვირა და აღდგომის დღესასწაული, შემდეგ კი სხვა თარიღები პარტიული ნიშნით არის დაკავებული, ამიტომ დედაქალაქში ჩვენი ძირითადი, დიდი აქციის ჩატარება მაქსიმალურად გადავწიეთ. ამ პერიოდის განმავლობაში მოვემზადებით და 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და დასძინა, რომ 23 მაისის აქციასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გააჟღერებენ.
ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც რამდენიმე გადაწყვეტილებაზეა საუბარი.
"რიონის ხეობის მცველების" აქტივისტების შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. "მთავრობა ისევ იმ პოზიციაზე დგას, რომ ჰესი აუცილებლად აშენდება", - აცხადებენ აქტივისტები.
საქმე ისაა, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მთავრობას 23 აპრილამდე უნდა გაეცა პასუხი “რიონის ხეობის მცველების“ 3 მოთხოვნაზე, რომელიც მათ სახელმწიფოს წარუდგინეს. ესენია: შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები; მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეს “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.




























