მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება ჩვენმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არ მოიტანოს შედეგი“ - მინისტრი ევროინტეგრაციაზე

64622627e4a3c
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.23 16:43
406
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკის გატარების კუთხით თანმიმდევრულია და მთავარ ამოცანად ევროკავშირის სრულყოფილი წევრობა რჩება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთთან დაახლოების კონტექსტში შესაძლო რისკებს შეეხებოდა.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირთან დაახლოებისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის გაჩენის შემდეგ კი ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. ამიტომ, დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შრომა ევროკავშირის მხრიდან უნდა დაფასდეს, სხვაგვარად ეს ის გაერთიანება არ იქნება, საითკენაც ქვეყანა მიდის.

„მთავარ ამოცანად ევროკავშირის სრულყოფილი წევრობა რჩება, მათ შორის წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით მუშაობა ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. ევროკავშირში წევრობა უამრავი მოთხოვნის შესრულებაზეა დამოკიდებული, ეს გულისხმობს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების დაახლოებას და მათ იმპლემენტაციას. ამ პოლიტიკის შემუშავებაში, როდესაც სხვა ქვეყნებს ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავთ, საქართველო ერთ-ერთი და რეალურად ყველაზე მოწინავეა. ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის მქონე საჯარო სექტორი, ამიტომ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

არ შეიძლება ჩვენმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არ მოიტანოს შედეგი, სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნება ის ევროკავშირი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა რომ იყოს, სამართლიანობაზე დაფუძნებული გაერთიანება. დიდი იმედი მაქვს სამართლიანად და სწორად შეფასდება ის ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში დებდა.

ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ ეს მუშაობა გაათმაგებულია და რეგულარულად მიმდინარეობს ინტენსიური მუშა პროცესი ბრიუსელთან. არ მინდა მოვლენებს წინ გავასწროთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში საზოგადოება სრულიად ახალ პაკეტს ნახავს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც ქვეყანას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებისთვის, ეს არის მეტი სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები