მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი დაჯავშნილი მანქანა და €0.5 მლნ თვითმფრინავის შემოწმებისთვის - სდსს-ის საჭიროებები

6169365c48457
ინგა მურუსიძე
15.10.21 13:00
7927
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების გაზრდას სთხოვს.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების განხილვა გრძელდება, ანზორ ჩუბინიძემ გიორგი კაკაურიძეს თავისი უწყების საჭიროებები გააცნო და დამატებითი ფინანსური რესურსი ითხოვა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბიუჯეტის I ვარიანტით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის 61 მლნ ლარია განსაზღვრული, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 0.6 მლნ ლარით აღემატება.

„ჩვენი სამსახურისთვის ბიუჯეტის გარკვეული მოცულობით გაზრდა მოგვიწევს. საქმე ეხება თვითმფრინავს - ჩვენი თვითმფრინავი 2005 წლის წარმოებისაა და 2022 წელს 16 წელი უხდება. ყოველი რვა წლის შემდეგ თვითმფრინავს სერიოზული დათვალიერება სჭირდება. მომდევნო წელს მოგვიწევს ნახევარი მილიონი ევროს გადახდა მისი დათვალიერებისთვის, რომელიც გერმანიაში უნდა ჩატარდეს. ეს არის აუცილებელობა, სხვანაირად თვითმფრინავი ვერ იფრენს.

ასევე, 2011 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაჯავშნილი მანქანა არ შეუძენია. ორ-ორი დაჯავშნილი მანქანა 2008 და 2011 წლებში იქნა ნაყიდი. ამ ეტაპზეც სამსახური ამ მანქანებით სარგებლობს; ისინი უკვე კარგა ხანია, უსაფრთხოების მხრივ ჩამოსაწერი მანქანებია, მაგრამ რადგან არ ვიყენებთ და მხოლოდ ჩამოსულ სტუმრებს ემსახურება, ეს გვაძლევს საშუალებას, შევინახოთ და კარგ ფორმაში იყოს, თუმცა 11 წელი ამ მანქანებისთვის ძალიან სახიფათოა; როდესაც რომელიმე ქვეყნის პირველი პირი ჩამოდის, საკმაოდ ცუდად გამოვიყურებით, როცა 11 წლის წინანდელ მოდელს ვთავაზობთ. მე მინდა, რომ ეს იცოდეთ... არ ვამბობ, ხვალვე მიყიდეთ-მეთქი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ სამსახურის წინაშე ეს მწვავე დეფიციტი დგას. რაც შეეხება პირველ საკითხს - თვითმფრინავის დათვალიერების აუცილებლობას, ეს გამოუვალი მდგომარეობაა და უნდა გავაკეთოთ, სხვა შემთხვევაში ჩვენს თვითმფირნავს არსად ფრენის საშუალება არ ექნება“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

თავის მხრივ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლია ბერაიამ დასძინა, რომ სდსს-ის პოზიცია და თხოვნა გასაგებია და კომიტეტის რეკომენდაციებში აისახება.

„<თვითმფრინავის> უსაფრთხოების წესის დაცვა მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხოებაც, ამიტომ, რა თქმა უნდა, თქვენს წინადადებასაც ავსახავთ რეკომენდაციაში“, - მიმართა ბერაიამ ჩუბინიძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები