მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზოტოვანი სასუქის ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა - საერთაშორისო ბაზარზე საქონელი გაიაფდა

64522d6375cb4
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 09:59
939
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 55 მილიონ 220 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს საქონლის ექსპორტის რეკორდული ზრდის შემდეგ იანვარ-მარტში ქართული აზოტოვანი სასუქის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზების მაჩვენებელი 27.9%-ით შემცირდა. კლების მიუხედავად, სასუქები ქვეყნის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში სასუქების ექსპორტი პერუში, ინდოეთში, რუმინეთში, ტანზანიაში, ზამბიის, განაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინის მიმართულებით განხორციელდა.

საქართველოში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორი ლევან ბურდილაძე BM.GE-სთან ექსპორტის შემცირების მიზეზებს განმარტავს. ის ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული და პროდუქტს აიაფებს.

„მსოფლიოში შეინიშნება აზოტოვანი სასუქების ფასების დრამატული ვარდნა, მიზეზი ბევრია. ერთ-ერთი მიზეზი აზოტოვანი სასუქების წარმოებაში ძირითადი ნედლეულის ბუნებრივი აირის გაიაფებაა; ამასთან რუსეთში აზოტოვანი სასუქების მწარმოებლები საქონელს დემპინგურ ფასებად ყიდიან, რაც მსოფლიო ბაზარზე ფასებს ამცირებს. ისინი ევროკავშირის ბაზარზე სანქციების გამო პროდუქტს ვერ ყიდიან, თუმცა ისეთ უზარმაზარ ბაზრებზე გააქვთ, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, პაკისტანი და ა.შ. ეს კი მსოფლიოს ფასებზე გავლენას ახდენს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი გაზი გაიაფდა, ამუშავდნენ საწარმოები, რომლებიც აზოტოვან სასუქს აწარმოებენ. შესაბამისად, აზოტოვანი სასუქების წარმოება მიწოდება მოთხოვნას აღემატება, რამაც ფასების შემცირება განაპირობა.

გასულ წელთან შედარებით აზოტოვანი სასუქები დაახლოებით 60%-ით გაიაფდა.

საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია, რადგან ევროპაში მყიდველი პრაქტიკულად არავინ არის. ჩვენი პროდუქტის რეალიზება ისეთ ბაზრებზე გვიწევს, სადაც რუსი მწარმოებლები დომინირებენ და მათთან გვიწევს კონკურენციის გაწევა. რუსული სასუქების ღირებულება ძალიან დაბალია. ისინი საკუთარ გაზს იყენებენ წარმოებაში, ჩვენ კი იმპორტირებულ გაზს მოვიხმართ, რაც პროდუქტს გვიძვირებს და ამის გამო მათთან კონკურენციაში ვერ შევდივართ“, - განმარტა ლევან ბურდილაძემ და აღნიშნა, რომ დღეისთვის ამონიუმის ნიტრატის ღირებულება შავ ზღვაზე 235 დოლარია.

კითხვაზე - რამ განაპირობა გასულ წელს პერუში აზოტოვანი სასუქების ექსპორტის რეკორდული ზრდა, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „რუსთავის აზოტის“ პარტნიორი ტრეიდერი კომპანიას პერუში ტენდერი ჰქონდა მოგებული, რამაც აღნიშნული მიმართულებით საქონლის რეალიზების მაჩვენებელი გაზარდა.

"რუსთავის აზოტმა" ამონიუმის გვარჯილას ფასი 250 ლარით შეამცირა - რა ფასად იყიდება ქართული სასუქი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები