„აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ "მარიუპოლის მცველებთან" ამ დროისთვის კავშირი გაწყვეტილია და, ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა ხდება ადგილზე. ამის შესახებ ქალაქ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
წამყვანის კითხვაზე - რამდენად რეალურია აზოვსტალში შეჭრა და რამდენად ძლიერია შეიარაღება - ბოიჩენკომ ასე უპასუხა:
„სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან კავშირი დაიკარგა. ვერ ვუკავშირდებით, რომ გავიგოთ რა ხდება იქ, უსაფრთხოდ არიან თუ არა. გუშინ კავშირი გვქონდა, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შემიძლია“.
მან მარიუპოლის მცველებს გამოვლენილი მამაცობისთვის და გმირული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „აზოვსტალის“ დაცვის სიძლიერის მიუხედავად, მასზე თავდასხმა არტილერიით, ტანკებით, ავიაციით, გემებით ხორციელდება.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის ხელმძღვანელი, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ მეტალურგიულ ქარხანაში იმ დროისთვის მარიუპოლის 200 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა შორის 20 ბავშვი იყო. გარდა ამისა მისი ინფორმაციით, საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე ქარხანაში 500-მდე დაჭრილი იმყოფებოდა, რომლის გაყვანის აუცილებლობა არსებობდა.
აღსანიშნია, რომ 1-ელ მაისს მარიუპოლიდან 100 სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოხდა. „აზოვის“ პოლკის ინფორმაციით კი 30 აპრილს ქარხნიდან 20 ქალი და ბავშვი გამოიყვანეს. გარდა ამისა, 3 მაისს ზაპოროჟიეში „აზოვსტალის“ ქარხნიდან მარიუპოლის კიდევ 156 მაცხოვრებელი ჩავიდა.




























